ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული როლი – ეს უნდა იყოს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კარგი მაგალითი

წყალტუბოში გამართულ პრეზენტაციაზე ლევან დავითაშვილმა კურორტის ტურისტულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, წყალტუბო თანაბრად უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ ეს არ იყოს მხოლოდ შაბათ-კვირის ვიზიტორებისთვის ან მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლებისთვის საინტერესო ადგილი – აქ შესაძლებელი უნდა იყოს ტურისტების დიდი ხნით დაყოვნება და სტუმრების მოზიდვა უცხოეთიდან.

 

„იმისთვის, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს განსაზღვრული სახელმწიფოს როლი და ეს უნდა იყოს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამ კუთხით, სახელმწიფო თავის გასაკეთებელს უკვე აკეთებს. ნაწილობრივ, ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩვენ უკვე განვახორციელეთ ინვესტიციები – 4-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი, ერთ-ერთი გამორჩეული აეროპორტი საქართველოში – ის არ არის მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ფრენებისთვის განკუთვნილი, ის ღირსეული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით წარმოდგენილი აეროპორტია, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მგზავრის მიღების პოტენციალი აქვს” – აღნიშნა დავითაშვილმა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან წყალტუბოს განვითარებისთვის დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს – მათ შორის არის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურის, ბაზრის მოედნის განვითარება, ასევე წყალარინების და წყალმომარაგების სისტემის სრულად მოწყობა – 78 კმ სიგრძის ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება, რაც კურორტს მისცემს საშუალებას, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს.

 

„ასევე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია, რომ მოხდეს გზების სრულად რეაბილიტაცია” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Back to top button