დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ავღანეთიდან სასწრაფო ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა აქტიურადაა ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის, კერძოდ, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში. ეს პროცესი კარგადაა ორგანიზებული და ზედმიწევნით გამართული მექანიზმით იმართება” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საუბარია, იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე, რომელიც საქართველომ, როგორც სატრანზიტო ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ავღანეთიდან წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში. მისი თქმით, ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე,” თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი , რომელიც პარტნიორების მხრიდან იქნა გამოყენებული და ამისთვის საქართველომ ნატოელი პარტნიორების მხრიდან უდიდესი მადლიერება დაიმსახურა”.

როგორც ზანკალიანმა კომენტარში განაცხადა, ავღანეთში მოვლენების დრამატული განვითრების ფონზე, საქართველო აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბოლო დღეების განმავლობაში 200 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

მისი თქმით, საქართველომ მიიღო პარტნიორებისა და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოფილიყო დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ და შემდგომში ეტაპობრივად მომხდარიყო მათი გადაყვანა სხვადასხვა მიმართულებით.

„ეს იყო ყოველმხრივ ორგანიზებული პროცესი. სამხედრო თვითმფრინავებით ხდებოდა ევაკუირებული პირების თბილისში ჩამოყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ხვდებოდათ ლოგისტიკურად გამართული, მწყობრი მექანიზმი, სადაც ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინსიტრო, თავდაცვის სამინისტრო. მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხორცილდებოდა პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. თბილისში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხორციელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს” – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მხარდამჭერ და მადლიერების გზავნილებს. ეს სოლიდარობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდეს ნებისმიერ ჰუმანიტარულ კრიზისს. „ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ავღანეთში, „საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ქართული ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. და ამ სიტუაციაშიც, როდესაც ჰუმანიტარულ კატასტროფა შეიქმნა, ჩვენც მყისიერი დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

 

Back to top button