იყო ნიკო ნიკოლაძის ქალაქის მერი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საპატიო და საამაყო და ამავდროულად – ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მჯერა, ჩვენი კანდიდატი ბექა სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით, ამ მოტივაციით გააგრძელებს ქალაქის შენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და თითოეული კანდიდატის მთავარი გამოწვევა და კონკურენტი ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემებია.
„დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით, ამ ისტორიულ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, ქალაქ ფოთში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სტრატეგიული მნიშვნელობით. ფოთში ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი მომდევნო წლებში. ჩვენ ახლა ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და შერჩეული გვყავს კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ფოთს და ფოთელების ინტერესებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო შედარებისთვის, თუ ვის უპირისპირდება დღეს „ქართული ოცნების” კანდიდატი და ზოგადად ჩვენი გუნდი. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ფოთში არსებობს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენთვის ეს არის მთავარი კონკურენტი. ყველა კანდიდატის მთავარი კონკურენტი უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის. მეორეს მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან სწორად შევარჩიეთ – ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული კაცი, რომელიც გამოირჩევა პატიოსნებით, ძალიან კარგი განათლებით, არის პატრიოტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ფოთზე და ფოთელებზე – ბატონი ბექა ვაჭარაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მიუხედავად მისი ასაკისა. მანამდე იგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, კარგად არის გარკვეული ყველა იმ საკითხში, რომელიც ფოთის წინაშე დგას და ფოთელებს აწუხებთ და მჯერა, ბექა იქნება ძალიან წარმატებული ფოთის მერი”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აუცილებელია მაქსიმალური მობილიზება, რომ „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვოს და გაიმარჯვონ ფოთელებმა.
„მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, თუ ვინ უპირისპირდება ჩვენს ღირსეულ კანდიდატს – ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. უპირისპირდება ალბათ პოლიტიკოსისთვის ყველაზე შეუფერებელი. ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში კაცი, რომელიც ცნობილია ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თვალსაჩინო კორუფციონერია. ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯით თუ სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება პატიოსნებას, ღირსებას და ერთგულებას შორის და მეორეს მხრივ, იმასთან, რაც ჩამოვთვალე, აღარ გავიმეორებ, აღარ შევაწუხებ ჩვენს მოსახლეობას. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში ფოთში, მაქსიმალურად დროულად იქნას გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა მის გუნდთან ერთად. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან და ყველა იმ ხარვეზს თუ შეცდომას, რომელიც იყო ბოლო წლებში ან თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს, ფოთი იმსახურებს უფრო მაღალი ტემპებით, დიდი ტემპებით განვითარებას, წინსვლას, დამშვენებას და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.