„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის – კელი დეგნანის მიერ „აჭარის ტელევიზიისთვისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. „ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მწიგნობარმა ლევან ბერძენიშვილმა ამ დღეებში მისთვის ჩვეული გაოგნებული სახის გამომეტყველებით ამოიოხრა ჯანსაღი საზოგადოების მისამართით: „სად ამერიკა და სად საქართველო!!!“ – და მე პირველად ვეთანხმები მას, ოღონდ – ამ თანხმობის ასიმეტრიული შინაარსით, რა თქმა უნდა.
გუშინ, როდესაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მე ვუსმენდი საქართველოში აშშ-ის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს – მე ვამაყობდი, რომ ვართ საქართველო. მე უბრალოდ არ ვიცოდი, რით შეგვიძლია დავეხმაროთ იმ სახელმწიფოს, რომლის წარმომადგენელი გაოცებული ვერ ხვდებოდა – რა პრობლემაა, თუ ვინმე უკანონოდ გადაკვეთს შენი ქვეყნის საზღვარს? ეს ხომ – „ჰიპოტეტური საკითხია, რომელზეც საქართველოში მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს!“. აქაც, ასევე „ასიმეტრიულად“ მესმის ქალბატონი კელის არგუმენტი, რომლის საკუთარი სახელმწიფო საზღვარი მექსიკასთან იაფფასიანი მეძავის გახეულ ჩულქს დაემსგავსა, საიდანაც ყოველდღე ათასობით უკანონო მიგრანტი აღწევს ამერიკას და მისთვის – „რა პრობლემაა, თუ კი ერთ ასეთ სამართალდამრღვევზე მიდის ამხელა აჟიოტაჟი!“. როდესაც ომბუდსმენზე დაყრდნობით და საკუთარი ხელისუფლების სახელით, ქალბატონი კელი ცრუ-შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ სააკაშვილის „გაუსაძლის“ პირობებზე ქართულ პენიტენციურ სისტემაში, შევთანხმდეთ – ეს მოცემულობაც უჩვეულოა მისთვის, მას როგორც ამერიკელს, არც შეიძლება ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ციხეში, ვინმე, მართლაც რომ ფუფუნების პირობებში შეიძლება იყოს. არ შეიძლება, მას არ ჰქონდეს ინფორმაცია, ამერიკელ ომბუდსმენებზე დაყრდნობით, თუ რა ჯოჯოხეთია აშშ-ის ციხეები ქართულ პენიტენციურ სამოთხესთან შედარებით. თუ მას ამაში ეჭვი ეპარება, გაეცნოს ყოველთვიურ გამოცემა Prison legal news-ს ან სულაც, გამოიწეროს იგი საელჩოსთვის. ასე რომ, ამ ორ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვეთანხმები თეზისს: „სად ამერიკა და სად საქართველო!“. მე მქონდა გუშინ კიდევ ერთი შანსი, დიადი ქვეყნის უმაღლესი რანგის დიპლომატით მეამაყა, მაგრამ ეს შესაძლებლობა მერამდენედ გამომეცალა ხელიდან“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.