„უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლოდროინდელი განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი იყო. სწორედ ამიტომ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ალბათ, უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ძალიან ბევრი განცხადება გაუგებარია, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
ამასთან, ხუნდაძე გაუგებარს უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის შესაბამის უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს.
„პარალელურ რეჟიმში, უკრაინაში ჩვენი ელჩიც იყო დაბარებული. გაუგებარია, რისთვის დაიბარეს, მაგრამ წესი წესია, რა თქმა უნდა, ის მივიდა. საკითხი, რომელიც ფრენებთან არის დაკავშირებული, იმ საერთო კონტექსტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიურად უნდა წარმოჩინდეს. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია და მის აღდგენაზე საქართველო არ ზრუნავს. ეს არის რუსეთი გადასაწყვეტი. ის, რაც ჩვენ არ შეგვიწყვეტია, ვერც აღვადგენთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.