ჩვენ ახლა ვიმყოფებოდით თეთრა მღვიმეში – უნიკალურ ადგილას, რომელიც მართლაც ძალიან ბევრ ტურისტს მიიზიდავს, გვაქვს გეგმები, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას მართლაც უხვად აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველგან უნდა განვითარდეს ახალი ტურისტული ლოკაციები.
„ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო მუშაობს უკვე აღნიშნულ პროექტებზე, უახლოეს რამდენიმე თვეში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა რეგიონის მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტისთვის განსახორციელებელ ახალ ტურისტულ პროექტებს და პროგრამებს. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს არ უჭირთ თეთრის და შავის გარჩევა და ხალხი, რომ ბრძენია არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი იმისა, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს, თავისი შეცდომებით, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და უნაკლონი. ყველას მოგვდის შეცდომა, ვინც მუშაობს, შეცდომაც მოსდის და ასეც იქნება ყოველთვის, მაგრამ ყოველთვის ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ვუყუროთ საერთო სურათს, იმ საერთო სიკეთეებს, რომელიც ერთ მხარეს არის და მეორე მხარეს, რომელზეც რამდენიმე სიტყვით მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა. ჩვენი ოპონენტები არავითარ სიახლეს არ სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას. ისინი ხალხს არ ელაპარაკებიან, გველაპარაკებიან ჩვენ, ხელისუფლებას და ყოველდღიურად გვესმის მათგან ლანძღვა-გინება, ცილისწამება და ათასი ბრალდებები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არგუმენტების და ფაქტების გარეშე. ყოველდღიურად, ჩვენი ოპონენტებისგან მხოლოდ სიცრუე ისმის მეგობრებო, სიცრუის ტირაჟირება და დემაგოგია. ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვუპირისპირებთ ფაქტებს, არგუმენტებს და სიმართლეს, სწორედ ასე მოვედით დღევანდელობამდე, ასეთი ხელწერით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მართვაზე და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე. იმ ძალას, რომელიც თავის ქვეყანას და თავის ხალხს ვერ აარიდებს უმძიმეს პროვოკაციას, ისეთ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ უნდა მიეცეს ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის დანგრევის უფლება და ჩვენ ამას თქვენთან ერთად აუცილებლად დავაზღვევთ და დავაზღვევთ მომდევნო შეცდომებისგან, იმ განსაცდელისგან, რომელიც წინა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ძალადობს, მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ჩვენი ხედვით მივდივართ წინ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას საერთო ძალისხმევით და საერთო ენერგიით აუცილებლად მივაღწევთ 2 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.