„2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ომი ბურუსით არის მოცული, ძალიან ბევრი რამ საეჭვოა, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებები, აყოლა პროვოკაციაზე, რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ ხელის კაპიტულანტური მოწერა დოკუმენტზე, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს გაუფრთხილებლად შეტევა კასეტური ბომბების და მძიმე არტილერიის გამოყენებით, ამან შექმნა პრაქტიკულად ის ნარატივი, რომ საქართველო ღამის ცხინვალს ბომბავდა და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ ეკისრება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის კომენტირებისას, სადაც საუბარია აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადააბრალოს „ქართულ ოცნებას“, ქართველ ხალხს, შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის ძალებს, ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ბრიყვულ ქმედებებზე.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, კითხვის – ვინ დაიწყო ომი, რეალური ადრესატი ნაციონალური მოძრაობაა.
„ჩვენ არ შევდივართ ამ საკითხში ღრმად, რადგან არ მიგვაჩნია თავი ამ შეკითხვის ადრესატად. ვფიქრობ, ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ ნაცმოძრაობის ყველა წევრს, რომელიც დღესაც ბედავს და ცდილობს მიიტაცოს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გამარჯვება. იცით თქვენ, ბოლო ხანებში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო პრაქტიკულად გამართლდა და ეს შეძლო ქართულმა ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დროის მენეჯმენტის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მოხერხდა. როდესაც ჩადენილი გაქვს ასეთი ტიპის დანაშაული, მე ამ ხელმოწერას სხვას ვერაფერს დავარქმევ, ნაცმოძრაობას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადააბრალოს“ „ქართულ ოცნებას“ და ნებისმიერს, ქართველ ხალხს, შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის ძალებს, ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ბრიყვულ ქმედებებზე.
არ ვიცი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო ეს სააკაშვილის, ბრიყვობა იყო თუ ღალატი, ორივე შემთხვევაში უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი თავის დროზე, როდესაც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებ მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებაში. როდესაც შენ განიცდი ასეთ მარცხს და კარგავ ტერიტორიებს, ამის ფონზე ბოდიში ჟარგონისთვის, „უპრავებ“ შენს ოკუპანტს საქართველოში შემოჭრას, ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს. ეს თუ სხვანაირად იშიფრება, მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან შევიდე დისკუსიაში იმ პირობით, რომ ჯერ კარგად წაიკითხონ რაზე აქვთ ხელი მოწერილი“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.