დასავლური სამყაროს მესვეურები დღესაც გვეუბნებიან, სააკაშვილის მმართველობის დროს დაცული იყო დემოკრატია და ადამიანის უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ევროპულ ღირებულებებად უნდა აღიაროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პატიმართა მასობრივი წამებები, კერძო საკუთრების ხელყოფა, ხელისუფლების მხრიდან წარმოებული რეკეტი, ელიტარული კორუფცია, უკანონო მოსმენები, მოქალაქეებში ტოტალური შიშის დათესვა, უსამართლო სასამართლო და ა. შ. – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „დასავლელი “პარტნიორები” ჩვენგან დაჟინებით მოითხოვენ, არა მარტო აღიარებას, არამედ კრიმინალური მმართველობის რეაბილიტაციას, თუ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასეთ პირობებში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის ნამდვილი ევროპული ღირებულებების დამცველი და ეს დაცვა მათ უხდებათ სწორედ იმ ევროპელებისგან, რომლებიც ამ ღირებულებებით მხოლოდ ჟონგლიორობენ. ამაზე მიუთითებს ევროპულ სტრუქტურებში გამოაშკარავებული კორუფციის ფაქტებიც და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული არასამართლიანი, არასამართლებრივი ქმედებებიც“.
„ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა ამ შემთხვევაში სწორედ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ ბრძოლაა, ვინაიდან იმის მიუხედავად არის თუ არა ეს ისტორიული ფიგურა ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ სწორედ მისი პიროვნება, დღევანდელ საქართველოში, დიდწილად განაპირობებს მშვიდობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, რეალური ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და რაც მთავარია, ანტიდემოკრატიული რეჟიმის რეაბილიტაცია – რეანიმაციის შეუძლებლობას. გამოდის, რომ სწორედ ამის გამო ებრძვიან მას თავგამოდებით საქართველოს გარე თუ შიდა მტრები და ამიტომაც ემხრობა მას საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი“, – წერს ნანა კაკაბაძე.
„როგორ მოვედით აქამდე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე მუდმივად უხდებოდა გაეთვალუსწინებინა დიდი იმპერიების ინტერესები. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი ქვეყანა ამ სახელმწიფოთა შორის არსებული წინააღმდეგობების გამოყენებით, გადიოდა ფონს.
ჩვენს წინაპრებს გულზე არ ეხატებოდათ არც რომი, არც სპარსეთი, ბიზანტია, არაბები, მონღოლები, თურქები თუ რუსები, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში, ჩვენი მეფეები, ყველა ამ ქვეყანას საჭიროებიდან გამომდინარე, ხან ჯარით ეხმარებოდნენ და ხან მათ ინტერესებს სიცოცხლესაც წირავდნენ. კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, სამშობლოსა და ერის გადასარჩენად სიყვარულსა და ერთგულებასაც ეფიცებოდნენ. ასე გამოიწრთო ისტორიულად ქართველების ბრძოლისუნარიანობა. სწორედ ეს განაპირობებდა, სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებში მებრძოლი ქართველი მეომრების სახელოვან წარმატებებს. ბევრი მათგანი დიდი იმპერიების გმირებადაც იქცნენ. დაახლოებით 80 წლის წინ ქართველი მებრძოლები მეორე მსოფლიო ომში რუსეთის ჯარში იბრძოდნენ, რადგან სწამდათ, რომ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდნენ. ბევრი ქართველი მეომარი გერმანელი ფაშისტების მხარეზეც იბრძოდა, მათ უმრავლესობას გულუბრყვილოდ სჯეროდა, გერმანელები სსრკ-ს დამარცხების შემდეგ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდნენ.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა შვილები და შვილიშვილები 40 წლის წინ უკვე ავღანეთში იხდიდნენ „ინტერნაციონალურ ვალს“, მაშინაც ბევრს სჯეროდა, რომ ამით საქართველოს ინტერესებს იცავდა. ოციოდე წლის წინ ქართველმა მებრძოლებმა აშშ-ს და მათი მოკავშირეების სამხედრო მოქმედებებში დაიწყეს აქტიური მონაწილეობა, მათი რწმენითაც, ისინი ამით ჩვენი სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდნენ.
შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამასაც „ინტერნაციონალური ვალის“ მოხდას უწოდებენ, ოღონდ ამჯერად ამ „ვალს“ ისინი არა კომუნისტური იდეალების, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინტერესების დასაცავად იხდიან. ქართველ მეომართა ნაწილს დღესაც ღრმად სწამს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამშობლოს ინტერესებს იცავენ. ეს ყველაფერი ფაქტებია და ამის განსჯისა და შეფასების ადგილი აქ არ არის. ყველა დიდი იმპერია გვარწმუნებდა და დღესაც გვარწმუნებენ, რომ ისინი მხოლოდ ჩვენი ინტერესებისათვის ზრუნავენ, თუმცა, ცხადია, რომ ყველა ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი ინტერესებია, რაც სავსებით ბუნებრივია. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არავინ აღგვიქვამს სრულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ასეთ სიტუაციაში უმთავრესია მკაცრად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის ზღვარი. რუსეთიც კი, რომელიც აშკარა ოკუპანტია, ჩვენგან „ახალი რეალობის“, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარებას არ მოითხოვს. მისი მოთხოვნაა რუსეთის საზღვართან ნატო არ მივიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ხმამაღლა სრული გადაყლაპვით არ გვემუქრება. რაც შეეხება აშშ-ს და მის დასავლელ მოკავშირეებს, ჩვენი ქვეყნისადმი მათი მოთხოვნები (ე. წ. რეკომენდაციები) სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. პრაქტიკულად კომუნისტური ცკ-ს სტილში, მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები ულტიმატუმისა და მუქარის ქვეტექსტებს შეიცავს.
ორი ათეული წელია კოლექტიური დასავლეთის მესვეურები, სააკაშვილისა და მისი ანტიდემოკრატიული რეჟიმის დაცვასა და მის უკუღმართ შეფასებას ჯიუტად ცდილობენ. რაც იქცა კიდეც მთავარ წყალგამყოფად ქართველ ხალხსა და დასავლეთს შორის.
არასწორად მოფიქრალი დასავლეთის ეს ნაწილი, ფაქტობრივად რადიკალურად უპირისპირდებიან, არა მარტო ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას, არამედ უპირისპირდებიან და ფეხქვეშ თელავენ იმ ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლის გამოც ჩვენი ხალხი ევროპისკენ მიისწრაფვის. დასავლური სამყაროს მესვეურები დღესაც გვეუბნებიან, სააკაშვილის მმართველობის დროს დაცული იყო დემოკრატია და ადამიანის უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ევროპულ ღირებულებებად უნდა აღიაროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პატიმართა მასობრივი წამებები, კერძო საკუთრების ხელყოფა, ხელისუფლების მხრიდან წარმოებული რეკეტი, ელიტარული კორუფცია, უკანონო მოსმენები, მოქალაქეებში ტოტალური შიშის დათესვა, უსამართლო სასამართლო და ა. შ. დასავლელი “პარტნიორები” ჩვენგან დაჟინებით მოითხოვენ, არა მარტო აღიარებას, არამედ კრიმინალური მმართველობის რეაბილიტაციას, თუ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
ასეთ პირობებში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის ნამდვილი ევროპული ღირებულებების დამცველი. და ეს დაცვა მათ უხდებათ სწორედ იმ ევროპელებისგან, რომლებიც ამ ღირებულებებით მხოლოდ ჟონგლიორობენ. ამაზე მიუთითებს ევროპულ სტრუქტურებში გამოაშკარავებული კორუფციის ფაქტებიც და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული არასამართლიანი, არასამართლებრივი ქმედებებიც.
ევროპული მართლმსაჯულებისა და მედიის დონეზე, აშკარაა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩარევის ნიშნები. დასავლურ მედიაში იბლოკება ივანიშვილის მხარის პოზიციის დაფიქსირების მცდელობაც კი. ეს ყოველივე ქართველ ოპოზიციონერებს დიდად ახარებთ. საკუთარი შურისძიებისგან დაბრმავებულებს არ უნდათ დაინახონ, რომ სწორედ ასეთი ქმედებებია ევროპელი მესვეურების კრიზისის მაჩვენებელი. ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა ამ შემთხვევაში სწორედ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ ბრძოლაა, ვინაიდან იმის მიუხედავად არის თუ არა ეს ისტორიული ფიგურა ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ სწორედ მისი პიროვნება, დღევანდელ საქართველოში, დიდწილად განაპირობებს მშვიდობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, რეალური ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და რაც მთავარია, ანტიდემოკრატიული რეჟიმის რეაბილიტაცია- რეანიმაციის შეუძლებლობას. გამოდის, რომ სწორედ ამის გამო ებრძვიან მას თავგამოდებით საქართველოს გარე თუ შიდა მტრები და ამიტომაც ემხრობა მას საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.