„როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, რითაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირის სტრუქტურებში ბოლო დროს მომძალავრებული კორუფციული სკანდალები იწვევს კითხვებს ყველა თაობის წარმომადგენლებში.
„ამასწინათ ჩემმა ფბ-მეგობარმა მისაყვედურა შენი პოსტებით ანტი-ევროპულ განწყობებს აღვივებო, თანაც კანდიდატის სტატუსი შემახსენა და ა.შ. რაღაც ეროვნული ფსიქოზის ნიშნები შეიძინა ამ სტატუსის მიღებამ და დააკვირდით, რა სატყუარას უგდებენ ხალხს შინნაზარდი ფსევდო ევრო-პროპაგანდისტები – პენსია და ხელფასი გექნებათ ამდენი და ამდენი და ა.შ. ანუ კვლავ მუქთამჭამელობისკენ უბიძგებენ, რადგანაც ის პენსია და ხელფასი ხომ არა ჩვენი, არამედ ევროპული ეკონომიკის და მათი გადამხდელების ხარჯზე ექნებათ, თუ ექნებათ. ამიტომაც საზოგადოებაში მატულობს ევროსკეპტიკური განწყობები, საჯარო სივრცეში კი ბევრი ვერ ბედავს მათ გამოხატვას, რომ მერე ბულინგის ობიექტი არ გახდეს.
თუმცა, არიან ხალხი ვინც ამას აკეთებს და არ ეშინია. ევროკავშირის სტრუქტურებში ბოლო დროს მოხშირებულ-მომძალავრებული კორუფციული სკანდალები თან უმაღლეს დონეზე, ტრადიციული ევროპული ფასეულობების შეუბრალებელი ნგრევა ევროპელებისვე ხელით, ბუნებრივია ჩვენთანაც იწვევს კითხვებს ყველა თაობის წარმომადგენლებში და ვფიქრობ ეს კითხვარი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.
როდესაც ევროპელები გვეუბნებიან, ჩვენი თამაშის წესებით თუ არა ითამაშე, არაფერს მიიღებ და ა.შ. მაშინ დაგვანახეთ და დაგვარწმუნეთ რომ ეს სამართლიანი თამაშის წესებია. როდესაც პროვინციელ დიქტატორს და ტირანს „ქართული დემოკრატიის მამად“ გვასაღებ, რომელსაც თურმე აქ უმოწყალოდ აწამებენ, და საერთოდ როდესაც გვაიძულებ დავიჯეროთ, რომ შავი თეთრია და 2х2=5, გაჭირდება ურთიერთგაგება და მეგობრობა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს“- წერს ანჯაფარიძე.