ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი 3 მილიარდი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელია, აძლიერებს სახელმწიფოს, სააკაშვილმა კი რუსის ჯარი დააბრუნა და ომის შემდეგ, სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს

„ტვ პირველის” სახელი რომ შეიცვალოს, მე გირჩევდით, თქვენს ტელევიზიას დაუბრინოთ რეალური სახელი – „რეალტივი”, თქვენ ხართ ჩვეულებრივი „რეალტივი”, ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი იყო სიყალბით გაჯერებული ბინძური პროვოკაცია.

„დღეს თქვენი მმართველია სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზია – „რეალტივი”, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა. მოსახლეობას რომ ავუხსნათ, რას ემსახურებოდა თქვენი დამკვეთების და მმართველების მორიგი, სიყალბით გაჯერებული ბინძური პროვოკაცია, ვინც ეს სიუჟეტი გააკეთა, რისი ჩვენება უნდათ მოსახლეობისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ჰქონდა და ცდილობდა რუსეთის ელჩთან კონტაქტს? ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის შეურაცხყოფა, რადგან თქვენ ცდილობთ ამ სიუჟეტებით მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს, ყველაფერი ფაბრიკაციაა, სიცრუე და აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული. ეს ერთი. მეორე, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელია, ეს კაცი ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხარჯავს და ეხმარება, აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. თქვენმა დამკვეთმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს. აი, ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის. დანარჩენი, იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან დღეს „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველგან და არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ, გარდა ამ ბინძური პროვოკაციებისა და ფაბრიკაციებისა. რა თქმა უნდა, ესეც არის დროებითი. რამდენიმე დღე გაივლის და დღეს მორიგი სისულელე მოიფიქრეს, თითქოს სერვერებზე ჩვენ განვახორციელეთ შეტევა. ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერები საერთოდ, აქედან რომ დავიწყოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button