სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან – საბა ოდიშარიასთან და ლევან უჩანეიშვილთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კანდიდატი ეკის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათთან საუბრისას გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები, რომელთა მოგვარებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ან სამომავლოდ დაიგეგმა. ასევე ისაუბრეს დროულ ვაქცინაციაზე, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტურ, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაზე.
,,მინდა, ექიმ-ეპიდემიოლოგების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი ბრძოლის წინა ხაზზე დგას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით, სასწაულის ტოლფას საქმეს აკეთებს საზოგადოების და ქვეყნის დასაცავად” – აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.