კახა კალაძე: დედაქალაქში პანდემიის გამო შეჩერებული პროექტები ახალ საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია და შემდეგი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე  ყურადღება გაამაახვილა დედაქალაქში პანდემიის გამო შეჩერებულ  პროექტებზე.

კახა კალაძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერებულ  პროექტებს შორის დაასახელა  მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი ლილოს მიმართულებით, ასევე,  თბილისის ანძისა და  ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობის პროექტები, ღამის ეკონომიკის პროგრამა.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა,  აღნიშნული პროექტები გათვალისწინებულია  მუნიციპალიტეტის შემდგომ ოთხწლიან პროგრამაში და ისინი  სხვა პროგრამულ დაპირებებთან ერთად  განხორციელდება.

„დღეს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აქცენტს გავაკეთებ იმ პროექტებზე, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  დედაქალაქისთვის, თუმცა სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გამო, მათი განხორციელება ვერ შევძელით. ვერ შევძელით, რადგან რთულია, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს მიჰყვე წინასწარ  დაგეგმილ ჩანაფიქრებს  და  არ  აუწყო ფეხი,  და  მენეჯმენტი  ამ გლობალურ  პრობლემას. რთულია ახალი ძვირადღირებული რეკრეაციული სივრცეების ან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იფიქრო,  როდესაც, კოვიდისგან გამოწვეული სოციალური  და  ეკონომიკური პრობლემების გამო ათასობით შენი თანამოქალაქე შემოსავალის და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გარეშე რჩება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მერია მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაზე და ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეწყო, სახსრებიც ამ მიმართულებით გადავანაწილეთ და ამ მხრივაც ბევრის გაკეთება შევძელით ჩვენი მოსახლეობისთვის.

მინდა,  მაგალითისთვის შეგახსენოთ ის  გეგმები, რაც  პანდემიამ შეგვიფერხა – დაპაუზდა ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი-ლილოს მიმართულებით. ლოქდაუნის  გამო ვერ შევძელით დროულად მოგვეძიებინა კვალიფიცური კომპანიები, რომლებიც თბილისის ანძის პროექტს განახორციელებდნენ, 4 წელიწადში ვერ დავასრულეთ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, თუმცა ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია, როგორც ამ და ისე ჩამოთვლილ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

ასევე, პანდემიისგან გამოწვეულმა პროცესებმა დააზიანა ღამის ეკონომიკის პროგრამა  და ვერ შევძელით ბოლომდე აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც თბილისს ამ მიმართულებით გააჩნია, თუმცა   მოვახერხეთ, გლობალური პანდემიით დაზარალებულ ღამის ეკონომიკის სექტორებს გვერდში დავდგომოდით და შევეცადეთ, კრიზისი შეგვემსუბუქებინა, რათა თბილისის დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით მაქსიმალურად  მცირე  დანაკარგებით შენარჩუნდეს. ასევე, გადაიდო გამზირების რეაბილიტაცია, რომელიც თბილისის უბნებს  კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდიდა.

სამწუხაროდ, ასე  შეაფერხა  მსოფლიო პანდემიამ ჩვენი  თბილისური გეგმები, თუმცა  პროექტების  განხორციელებას  მაინც  შევძლებთ  უახლოეს მომავალში. ყველა  ეს  პროექტი გათვალისწინებულია  ჩვენს  შემდგომ, ოთხწლიან  პროგრამაში. ყველას იმედი გვაქვს რომ ეს პანდემია  სულ მალე  უკან დაიხევს და  ყველანი დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების  რიტმს.

ოპტიმიზმის  და  მომავლის იმედს  გვმატებს ის, რომ 2017 წელს წარმოდგენილი ჩვენი სარჩევნო პროგრამიდან ამ რამდენიმე მიმართულების გარდა, პრაქტიკულად ყველა პროექტის განხორციელება შევძელით. ეს გვიქმნის  სტიმულს  და თავდაჯერებულობას, რომ შევძლებთ იმ რამდენიმე შეუსრულებელი პროექტის განხორციელებასაც, რომელიც 2017 წლის პროგრამით წარმოვადგინეთ და იმ პროგრამული დაპირებების შესრულებასაც, რომელსაც ახალი საარჩევნო პროგრამით ვგეგმავთ და რომელიც არსებითად შეცვლის ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ”, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Back to top button