იუსტიციის მინისტრმა რეგიონებში სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დაიწყო. რატი ბრეგაძემ პირველი შეხვედრა ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართა. მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს სამინისტროს სამომავლო გეგმები პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორის ერთ – ერთი „მობილური იუსტიციის სახლია” , რომლის საშუალებითაც ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში, სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ადგილზეა შესაძლებელი.
დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, ჯასთ აპი, პრობბოქსი და სხვა.
Probbox იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია. მოწყობილობა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალურ შენობებში განთავსდება და პრობაციონერებისთვის რეგისტრაცია გაცილებით მარტივი გახდება.
იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს დანაშაულის პრევენციასა და სასჯელის აღსრულებას. გაიხსნება არასრულწლოვანთა რეფერირების ახალი ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით.
მსჯავრდებულთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული უნივერსიტეტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტი სხვადასხვა უნივერსიტეტში აკრედიტირებული ლექტორების ჩართულობით პატიმრებისთვის ონლაინ სალექციო კურსებს უზრუნველყოფს.
განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ნაწილია Just App იგივე „ციფრული იუსტიციის სახლი”, რაც ელექტრონული სერვისების ერთიან სახელმწიფო აპლიკაციას გულისხმობს. Just App-ის საშუალებით, მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მიღება საკუთარი მობილური ტელეფონის გამოყენებით, იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე შეეძლება.
სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია. სამოქმედო გეგმის პერიოდში დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი მიწა და დამისამართდება 2700-მდე სოფელი.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც. 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.