„ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?! საზოგადოების სახელით ისაუბროთ?!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის სტატუსის შესახებ.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია.
„ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია.
დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. და თქვენ, ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება, ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?! საზოგადოების სახელით ისაუბროთ?! თქვენ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფთ ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს. თქვენთვის პოლიტიკური უხერხულობა უცნობია?!“- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.