ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ნუგზარ გრძელიშვილის აზრით, ნაცმოძრაობა, მასთან აფილირებული ოპოზიცია, მედია და არასამთავრობოთა ერთი ნაწილი, უკვე კარგა ხანია ცდილობენ საზოგადოების ნაწილში შექმნან განცდა, რომ არჩევნების “გაყალბების” პროცესი მმართველი პარტიისა და ცესკოს მიერ უკვე დაწყებულია.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც მოძრაობა “სირცხვილიამ” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ” განაცხადეს ე.წ.”სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ დაფუძნების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. “ქართული ოცნება” და რამდენიმე ოპოზიციური პარტია მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებენ.
თუმცა, ოპოზიციონერი კანდიდატების მონაცემებზე ობიექტური დამკვირვებლის თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად ჩანს, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა ონკურენტუუნაროა და პირველივე ტურში დამარცხებისთვისაა განწირული. მეორეს მხრივ, ნაცმოძრაობა, მასთან აფილირებული ოპოზიცია, მედია და არასამთავრობოთა ერთი ნაწილი უკვე კარგა ხანია ცდილობენ საზოგადოების ნაწილში შექმნან განცდა, რომ არჩევნების “გაყალბების” პროცესი მმართველი პარტიისა და ცესკოს მიერ უკვე დაწყებულია და მხოლოდ ისაა გასარკვევი, ე.წ. გაყალბების ხარისხი როდის გახდება საკმარისი მომავალი არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებისა და მასობრივი არეულობის მოსაწყობად. ამაში ჩართულია ყველა – რიგითი პოლიტიკოსით და ე.წ. ჟურნალისტით დაწყებული და სახალხო დამცველით, ე.წ. მედიამენეჯერებითა და მსჯავრდებული სააკაშვილით დამთავრებული. რამდენიმე დღის წინ, ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა –
მოძრაობა “სირცხვილიამ” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ” განაცხადეს ე.წ.”სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ დაფუძნების შესახებ. ორგანიზაციის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, მათი მიზანია:
-წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
-არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროულად გამოქვეყნება;
არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
საინტერესოა, არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას კიდევ ჩაატარებს “სამართლიანი არჩევნებიც”, თუ ეს უკვე საკმაოდ დისკრედიტებული ორგანიზაცია ნაცებმა “სირცხვილიათი” ჩაანაცვლეს? “სამართლიანი არჩევნებისგან” განსხვავებით, ეს ახლადგამოჩეკილი ფეიქ-ცესკო ხომ ნამდვილად აღარ აღიარებს მის მიერ დაშვებულ “შეცდომას”, რომელიც რეალურად წინასწარ განზრახულ გაყალბებას წარმოადგენდა!
სრულიად აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირში მყოფი “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” აუცილებლად “აღმოაჩენს” უამრავ დარღვევას, მის მიერ “დათვლილი” ხმები და გამოქვეყნებული “შედეგები” კი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, რბილად რომ ვთქვათ, არ დაემთხვევა. ეს კი გამოყენებული იქნება არჩევნების “გაყალბებულად” გამოცხადებისა და არეულობების ორგანიზების მცდელობისთვის.
და ბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” საიტზე, მისი გამოჩენის პირველ დღეებში, დიდი წითელი ასოებით ეწერა – ” შეგვატყობინე ინციდენტი!” შემდეგ, ეტყობა, რომელიმე შედარებით ადეკვატური ადამიანის რჩევით, ეს მოწოდება შეიცვალა “შეგვატყობინე დარღვევა!”-თი. თუმცა, ამით არსი არ იცვლება. მომავალ არჩევნებზე პრონაცური ოპოზიციისა და მათი ყველა სატელიტის მიზანი იქნება: ინციდენტების პროვოცირება, ფეიქ-დარღვევების “აღმოჩენა”, ფეიქ-საჩივრების დიდი რაოდენობით დაწერა, ფეიქ-ოქმების ფრიალი და ყოველივე ამით, ფეიქ-რეალობის შექმნა. ამ ყველაფრის შედეგი კი, საზოგადოებრივი პროტესტის აგორება უნდა გახდეს. თუმცა, როგორც ყოველთვის, ქართული საზოგადოება არ აყვება მათ პროვოკაციას და მათი ყველა ეს მცდელობა მხოლოდ ფეიქ-პროტესტის ფორმას შეიძენს“- ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.