„ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას სთავაზობენ ე.წ. რეფერენდუმს. რეფერენდუმი ამ ქვეყანაში ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე. აქაც ფლიდობთ, აქაც ტყუით, აქაც ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და თავი გაუტოლოთ იმ დიდ იდეას, რომელიც რეფერენდუმს უკავშირდებოდა. რეფერენდუმი ამ ქვეყანაში ჩატარებულია, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც განაგრძობს ამ ქვეყნის მართვას 2024 წლამდე”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ მუშაობს ამომრჩეველთან ,რადგან არც ერთ მათგანს რეალურად არ აქვს არანაირი შეთავაზება და მხოლოდ საზოგადოების პოლარიზაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„მე და ჩემი კოლეგები ბევრ საარჩევნო შეხვედრას ვატარებთ, მივდივართ მოქალაქეებთან, ვცდილობთ ვესაუბროთ თუ რა გეგმები გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ და რით მოდის „ქართული ოცნება” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა, ამას ვერ ვხედავ ვერც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალაში. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მუშაობს ამომრჩეველთან და მათი შეთავაზება რაზეც დგას რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის ის, რომ თითქოს ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს ბედი და რაღაც უნდა მოხდეს. არც ერთ მათგანს რეალურად არ აქვს არანაირი შეთავაზება ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს, რომელიც მათ გააჩნიათ.
როგორც ვხვდები, ეს პოლიტიკური პარტიები იბრძვიან რიგობითი რიცხვითი სახელისთვის. ყველა კარგად ხვდება, რომ არც ერთს არ აქვს არც შესაძლებლობა და არც მოლოდინი, რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებენ. ისინი ცდილობენ რომ მეორე, მესამე, მეოთხე ადგილი გადაინაწილონ. ვეტყოდი, რომ მათ უნდა გააკეთონ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური არჩევანი. და არა რეგიონებში თბილისიდან ემისრად გაგზავნილი პოლიტიკოსები, ადამიანები, ვისაც წარმოდგენა არ გააჩნიათ თუ რა რეალობა და პრობლემები არსებობს ადგილზე და მორიგ ჯერზე საზოგადოების პოლარიზაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ”,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.