„არჩევნები პირველ რიგში მოითხოვს მისი შედეგების პატივისცემას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ ეს იყო 7 თვის განმავლობაში საპარლამენტო პროცესის ბოიკოტი, არ გამოცხადება და უარი საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, მაშინ როდესაც ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფუნქციური პარლამენტი, თქვენ იდექით ქუჩაში და არ შემოდიოდით პარლამენტში. ამიტომ, დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების განხილვისას.
„დღესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ, როდესაც თქვენ ითხოვთ კიდევ ერთ არჩევნებს, როდესაც თქვენ კიდევ აძლევთ იმედს, რომ შეგიძლიათ ძალაუფლება გადავინაწილოთ. ვერ გადაინაწილებს ძალაუფლებას ის, ვისაც პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია. ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ის, ვისაც თავისი შეთანხმებების შესრულება არ შეუძლია და სწორედ თქვენ ხართ აქ წარმოდგენილი, ვინც ეს გააკეთეთ, ვინც უარი თქვით პასუხისმგებლობაზე, ვინც უარი თქვით მონაწილეობაზე, მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი და თქვენ ხართ ოპოზიცია, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ გინდოდათ ოპოზიცია, არ გსურდათ ოპოზიციის ფუნქციის შესრულება და დემოკრატია არის ამასთან შეუთავსებელი და სწორედ ამიტომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გითხრეს, რომ თქვენ ძირს უთხრიდით ქართულ დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს. ეს აღარ განმეორდება, ჩვენ აღარ მივიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.