„გავმართეთ, დაახლოებით, ოცამდე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან და პარლამენტის თავმჯდომარეებთან და მინდა ვთქვა, რომ იგრძნობოდა კეთილგანწყობა ყველა შეხვედრაზე, საქართველოს და საქართველოს პრიორიტეტების მიმართ”,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ავსტრიაში განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ვენაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ვიზიტის მეორე დღე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეაჯამა. მისი თქმით, დღეს, თურქეთის, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, შვედეთს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და სლოვენიის პარლამენტის სპიკერებთან გამართულ შეხვედრებზე ქართულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურეს. ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოს თურქეთის და კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეები ეწვევიან.
„შვედეთან და სლოვენიასთან საუბარი შეეხო, ძირითადად, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყანა დგამს ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ საპარლამენტო დემოკრატიაზე, ვისაუბრეთ, ასევე, იმ სიახლეებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვითი სტანდარტების ამაღლების კუთხით, რაშიც შვედეთი აქტიურ მხარდაჭერას გვიწევს წლების განმავლობაში. რაც შეეხება თურქეთს და აზერბაიჯანს, აქ იცით, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სამთავრობო დონეზე არის ძალიან კარგი თანამშრომლობა და კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული პაუზის გამო, საპარლამენტო დონეზე არ გვქონდა ასეთი ხშირი და ინტენსიური ურთიერთობები და ამ შეხვედრებისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მალე გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა ანკარაში და ასევე, თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარე მალე გვეწვევა ოფიციალური ვიზიტით თბილისში. რაც შეეხება კორეასთან შეხვედრას, ძირითადად, კორეის მხარე დაინტერესდა საქართველოს პოტენციალით როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ლოგისტიკური ჰაბის, მათ გამოთქვეს დიდი ინტერესი კორეული კომპანიების მხრიდან ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვის მიმართ და ზოგადად, კორეასთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები კარგ დონეზეა, ისინი მუდმივად გვიჭერენ მხარს, საერთაშორისო პლატფორმებზე. აქაც შევთანხმდით, რომ პარლამენტის საგარეო კომიტეტები პირველ ერთობლივ სესიას გამართავენ, მალე, ჯერჯერობით ონლაინ ფორმატში, და ასევე, კორეის სპიკერი მალე, ეწვევა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით”,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კახა კუჭავა ავსტრიაში ვიზიტს ხვალ, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაასრულებს.