„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ერთი-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კვლავ იქნება მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
მისი თქმით, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.
ასევე, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით პერიოდულად ხორციელდება არსებული ხიდების და გზაგამტარების მონიტორინგი და სწორედ ასეთი შემოწმების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის ხიდის, მეტეხის ხიდისა და შალიკაშვილის სახელობის (დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციის შესახებ, ვინაიდან ისინი, ტექნიკური თვალსაზრისით, რთულ მდგომარეობაშია.
მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის, ჯამში, დაახლოებით, 37 000 000 ლარი დაიხარჯება.
პრეზენტაციაზე ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია გზაგამტარებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. კერძოდ, დაიწყება მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მშენებლობა; განხორციელდება ყიფშიძისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გზაგამტარს; დაგეგმილია რესპუბლიკის მოედანთან არსებული გვირაბისა და მიწისქვეშა საავტომობილო გასასვლელის, ასევე, მეტეხის საავტომობილო გვირაბების რეაბილიტაცია.