„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთელებს შეხვდა. შეხვედრა ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართა.
თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ.
„ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა – სკვერები, პარკები, ახალი ავტობუსები, საბავშვო ბაგა-ბაღები, რეკრეაციული სივრცეები, ტერიტორიების დაბრუნება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ა.შ. ყველა ხედავს, ვისაც დანახვა უნდა, თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც უხარიათ, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არ საუბრობენ. გულში, რა თქმა უნდა, უხარიათ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ისინიც იყენებენ ამ ინფრასტრუქტურას, სარგებლობენ იმ საქმეებით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ქალაქში, ცხადია, პრობლემები და გამოწვევები დღესაც არსებობს, თუმცა, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც ამ პრობლემების არ ეშინია. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევამსუბუქოთ, მოვაგვაროთ, მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ. პრობლემები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ. არამხოლოდ კარგი, არამედ ყველაფერი საუკეთესო მინდა ამ ქალაქისთვის. ეს გაკეთებული საქმეებითაც ჩანს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღესვე, წინასაარჩევნო შეხვედრა ჩიტაიას ქუჩა N19-ის მცხოვრებლებთანაც შედგა. აღნიშნულ მისამართზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 26 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებს შენობის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს და რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩუღურეთის რაიონის სიმდიდრე ძველი თბილისური ტიპის ეზოებია. 535 ასეთი ეზო გვაქვს, რომელიც თბილისის იერსახეა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის შენობა ჩვენი ძალებითაც აღვადგინეთ, თუმცა გვერდში თბილისის განვითარების ფონდი გვიდგას. ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულ რეაბილიტაციას და პირვანდელი სახის მინიჭებას უზარმაზარი თანხები სჭირდება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და წელს, გარდამავალი პროექტით, სახლის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში სამუშაოები. რაც შესაძლებელი იყო, ჩვენი პროგრამებით, ყველაფერს ვაკეთებდით. ერთ მშვენიერ დღეს, განვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ძირძველ, უნიკალურ სახლებს მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი და ადგილობრივმა მოსახლეობამ კომფორტულ გარემოში იცხოვროს”, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩიტაიას ქ. N19-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. აღნიშნულ მისამართზე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მიმდინარე წელს წყალარინების სისტემა შეიცვალა, 2020 წელს კი სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა.