ოზურგეთის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ წინასაარჩევნო შეხვედრას საარჩევნო კოდექსის დარღვევით ატარებს

ოზურგეთის მოქმედი მერი და ამჟამად მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კონსტანტინე შარაშენიძე წინასაარჩევნო შეხვედრას საარჩევნო კოდექსის დარღვევით ატარებს.

იმის გამო, რომ მოსახლეობა მასთან შეხვედრებს ერიდება, შარაშენიძემ მერიის თანამშრომლების ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეკრიბა, რაც კანონდარღვევაა და 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კონსტანტინე შარაშენიძე ძალადობასა და ცემაში დაადანაშაულეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მერე რა, რომ ჩემი თანამშრომლები არიან? ზოგადად მე არავის ვურეკავ, მაქვს ჩემი შტაბი“, – აცხადებს კონსტანტინე შარაშენიძე.

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ფაქტს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებს.

„გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მერიის მოქმედი თანამშრომლები იყვნენ მიწვეული. ბუნებრივია, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – საარჩევნო კოდექსის დარღვევა, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სინამდვილეში თვითონ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს “, – აცხადებს ბოჟაძე.

imedinews.ge

Back to top button