მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ძალიან სერიოზული გეგმებია, იგეგმება 1300 -მდე ახალი საწარმოს დაფინანსება, ყველა რეგიონის მიხედვით იქნება გადანაწილებული პროექტები და გრანტები.
„ასევე, ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვინაიდან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობაში არის მართლაც, მთავარი გასაღები ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და სიდუხჭირის და სიღარიბის დაძლევის. ინფრასტრუქტურა – 32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს, რეალურად ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, ძლიერი, თუ არ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის განათლების სისტემა. ჩვენ 170 სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ახლა ვგეგმავთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თუნდაც ამ რეგიონში, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღი დაფინანსდა, აღდგენა მოხდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.