„ქართული ოცნების” დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით, ვაკის რაიონში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე და მოეწყოს მეტი სპორტული ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
“ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან და ვისმენთ მათ მოსაზრებებს უბნის განვითარების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა, რათა მომავალში მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.