ახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მიზანი იქნება, რომ თბილისი პარკების ქალაქად ვაქციოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ პრობლემურ ადგილებში ახალი პარკები შეიქმნება.
„მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პარკები იმ ადგილებში, სადაც დღეს არის ხევი, პრობლემური ადგილები და ა.შ. წარმოგიდგენთ ცხრა ახალი პარკის პროექტს. გორგასლის ბულვარი მოეწყობა კრწანისის რაიონში, სადაც მიწის ქვეშ ჩავა საავტომობილო გზა, გაკეთდება კომერციული სივრცეები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ბულვარის მთავარი ხერხემალი იქნება ერთიანი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჩვენს ქალაქს დაამშვენებს. დიღმის ჭალებში სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანებაა, ეკოლოგიური პრობლემებია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, დიღმის ჭალები გადარჩება და მოეწყობა ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე. რაც შეეხება ზღვის უბნის პარკს, ეს არის პირველი ახალი სივრცე, რომლის მოწყობაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო. ჩვენ დაჭაობებული მიწა გამოვიტანეთ და დაახლოებით, ერთ წელში ის დამთავრდება. ორი ძალიან მნიშვნელოვანი საპარკე არეალია ვაზისუბნის პარკი და თბილისის ზღვის ბულვარი. ასევე, კარგი პროექტი გამოვა ე.წ სამხედრო ქალაქის პარკი. მოგახსენებთ თბილისის ცენტრალური პარკზეც, სადაც უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, შედეგად, ქალაქის შუაგულში საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარკი მოეწყობა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ დავიწყეთ გლდანის პატარა ტბის პროექტი, თუმცა, მალე ის სრულად მოეწყობა. ასევე, განხორციელდება ავჭალის პარკის პროექტიც,” – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი თქმით, დედაქალაქში დარჩენილია ექვსი პარკი, რომელსაც კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„დიღმის ტყე პარკი არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საპარკე არეალებს. მისი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, მაგრამ მას სრულად დავიბრუნებთ და განხორციელდება მისი რეაბილიტაცია. დენდროლოგიური პარკი – საუკუნის პროექტია. ეს, დაახლოებით, 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაა, რომლის პროექტირება დასრულდა და მომავალ წელს სამუშაოები დაიწყება. რაც შეეხება, ციციშვილის პარკს, ძნელია ამ ადგილს ახლა პარკი უწოდო. ეს შიდა კვარტალური ერთიანი სივრცეა და მისი რეაბილიტაციის შედეგად , ძალიან კარგი პარკი მოეწყობა. ვერის პარკი – ყველასთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი არეალია, კონკურსი გამოცხადებულია და მომავალ წელს დაიწყება კონკრეტული სამუშაოები. იგივე ითქმის სარაჯიშვილის ბულვარზეც, სამგორის პარკზეც, ამ ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება”, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.