ჩვენ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობას და ეკლესიას სრული თანხვედრა აქვთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყნის ბედს და მომავალს.
„ჩვენ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს მტკიცე ერთობა და სრულ კოორდინაციაში ვართ საერთო ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ბედს და მომავალს, ამ საკითხებზე სრული კოორდინაცია და ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს.
უწმინდესი პატრიარქი არის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. მე, როგორც მოქალაქე, დავსვამდი კითხვას – რომელი სახელმწიფოა სახელმწიფო და მთავრობა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს? მე ამიტომ ვამბობ, რომ გასარკვევია და იდენტიფიკაციაა მოსახდენი, ალბათობის თეორიით რომ გავყვეთ, ამ ჩანაწერებიდან რომელი იყო ლეგიტიმური, კანონიერი და რომელი არ იყო. მე გავეცანი საპატრიარქოს განცხადებასაც და იქაც ანალოგიურად არის, რომ ამდენი ტყუილ-მართალი არის ერთმანეთში არეული. აქედან შესაძლოა 2-3 პროცენტი იყოს რაღაც სიმართლე, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს და დაველოდოთ უსაფრთხოების სამსახურის და გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ აქ მთავარი მინდა ვთქვა – იციან რა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამხელა ზღვა მასალის ასეთ მოკლე დროში გარჩევა, გაფილტვრა დახარისხება და ამის შემდეგ ექსპერტიზა, შექმნეს აჟიოტაჟი, მცდელობა იყო, თორემ ვერაფერი ვერ შექმნეს, იმიტომ, რომ მოსახლეობა კარგად ხედავს მათ რეალურ მოტივაციას და მათ რეალურ მიზანს. მათ უნდოდათ, რომ შფოთი შემოეტანათ საზოგადოებაში – გახლეჩა, შუღლი და დაპირისპირება შემოეტანათ და წინასაარჩევნოდ წარმოეჩინათ, რომ რაღაც უბედურებას ვაკეთებთ. ამ დროს რას ვაკეთებთ – ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს. ყველა იმ უმნიშვნელოვანეს პირებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ როლს ატარებენ. აქედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული, თუ ვინმეს უსმენდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის ფარგლებში. უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ყავს ქვეყანას, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელონ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი-2″-ის ეთერში.