ვუბრუნდები კითხვას, რატომ უსმენდა მთავრობა, თუ უსმენდა, საპატრიარქოს გარემოცვას; მე არ ვიცი, გასარკვევია, უსმენდა თუ არა რეალურად პატრიარქის გარემოცვას და რა მიზნით, მაგრამ მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამაზე ალბათ ვთანხმდებით. ნებისმიერი მოქალაქე უნდა სთხოვდეს მთავრობას, რომ პატრიარქი იყოს დაცული და მისი გარემოცვა იყოს აბსოლუტურად სრული კონტროლის ქვეშ აყვანილი, რა თქმა უნდა, კანონიერად. მე სარწმუნო ცნობები და ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ. ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ შორის ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების სამსახურებს, ვიცი, ეს როგორ ხდება”, – აღნიშნა პრემიერმა.