ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა წამლების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს საქართველოში, როგორც ევროპაშია და პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, გამჭვირვალე.
„4 წელი მე არ ვმონაწილეობდი საჯარო პოლიტიკაში, საერთოდ არ ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი ფასებით, პრობლემა არის, ვიცი რა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობის, პენსიონერების, მათ ჯიბეზე აისახება ეს ყველაფერი. მე არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს ახლა, ამ წინასაარჩევნოდ. დიახ, ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, მათ შორის შუალედური ანგარიშიც გვაქვს, არ მინდა ვიღაცამ კიდევ დაგვაბრალოს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულისტური მოსყიდვების და გულის მოგების მიზნით ამას აკეთებენ, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვექნება, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან და ბიზნესთან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა, ძალიან ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ კომპრომისულ ვარიანტს. უნდა მოხდეს სწორად, ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს არ გამოვიგონებთ. როგორც არის ევროპაში რეგულაციები და ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია ის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც. არ შეიძლება, რომ მწარმოებელიც იყოს, გამყიდველიც, დისტრიბუტორიც და ყველაფერი თვითონ იყოს ადამიანი და ამ დროს უკონტროლოდ იყოს ფასების ზრდა წამლებზე, მითუმეტეს, ისედაც ჯერ კიდევ გაჭირვებულ ქვეყანაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.