ირაკლი ღარიბაშვილი: ივლისში ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მარშის ლოკაცია ლისის ტბაზე გადაეტანათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას” დაჟინებული მოთხოვნით ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ

ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას” დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ივლისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ „სირცხვილიას”, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანა იყო, შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

 

„ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების უფლება, რაც არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი ადამიანის და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მიუხედავად მცდელობისა, ჩატარდა ეს აქცია. შემდეგ 2-3 ივლისს, ლისის ტბაზე გამოუყო ლოკაცია და პერიმეტრი იყო დაცული. პოლიციამ მთელი ამ დღეების განმავლობაში ეუბნებოდა, რომ არ ჩაატაროთ რუსთაველზე ლგბტ მარში, იმიტომ, რომ არ ჩატარებულა თბილისში აღნიშული და ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს – 85-90% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების – არ არის საჭირო. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, ტრადიციული საზოგადოება ვართ. 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი – სხვა ღირებულებები გვაქვს. ამით მე კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებული, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს. ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, რომელმაც დაიცვა ეს ადამიანები არაერთგზის, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ, როცა უვიზო რეჟიმს ვიღებდით და მაშინ საჭირო იყო ამის გაკეთება. არცერთ მოქალაქეს არ აქვს პრობლემა ათასი ადამიანი დადის ქუჩაში. ზოგი ასეთია, ზოგი – ისეთი. მაგრამ როცა ამას პროპაგანდის ხასიათს აძლევ და იწვევ საზოგადოებას და პროვოკაციულ ხასიათს იძენს ეს ყველაფერი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია მეგობრებო, ეს შეიცავს დიდ საფრთხეს და რისკებს და მაშინ ერთ მხარეს დგას უფრო დიდი ინტერესი – საზოგადოების უსაფრთხოება, წესრიგი და მშვიდობა და მეორე მხარეს – ადამიანების და მათ შორის ლგბტ საზოგადოების ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, არის მათი უფლება, რომ გაიარონ. ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეიძლება მეგობრებო და გთხოვთ, რომ იგივე ლოკაციაზე, ლისის ტბაზე მიბრძანდით და ჩაატარეთ ეს შეკრება 5 ივლისს. არ გაიზიარეს. მთავარს გეტყვით – მე ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრები თითქმის დათანხმებულები იყვნენ, პოლიციას დაეთანხმნენ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას” დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ. თქვენ მაშინ გახსოვთ, როგორი რეაქცია იყო ეკლესიის და საზოგადოების და დაანონსდა, რომ 5 საათზე იქნებოდა დიდი შეკრება და მშვიდობიანი ლოცვა. ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ არ შეიძლება ხალხნო ამის გაკეთება. 3500 პოლიციელი გამოვიდა ყველა ლოკაციაზე გაიშალა და დილით მოხდა ის, რაც მოხდა – უბედურება.

„სირცხვილიას”, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანა რა იყო იმ დღეს, რა უნდა მომხდარიყო – კულმინაცია მოხდებოდა 5 საათზე, როცა დაანონსებული იყო ეკლესიის მხრიდან მშვიდობიანი მანიფესტაცია და ლოცვა. თუ გაივლიდნენ იქ ლგბტ თემის წარმომადგენლები, იქ მოხდებოდა უბედურება, ვერ გაარჩევდი იქ, ვინ, ვინ არის, ვინ პროვოკატორი, ვინ შეგზავნილი და ა.შ. და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება. გათვლა გავაკეთეთ და პირდაპირ პროტოკოლში უწერიათ – როცა საფრთხე მომატებულია, პოლიციამ უნდა იხელმძღვანელოს იმის და მიხედვით, რომელი უფრო დააზღვევს რისკს და არ შეუქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას და წესრიგს საფრთხეს. ახლა რაც შეეხება დილით განვითარებულ მოვლენებს – პოლიცია იყო გამოშლილი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და მაშინ მოვისმინე ბატონი გომელაურის ბრიფინგი. 3500 პოლიციელი იყო მთელი ქალაქის მასშტაბით გამოსული. დილით არ მოელოდნენ. გამოვიდნენ ანტი-დემონსტრანტები, ლგბტ-ს მოწინააღმდეგე მხარე და დილით დაიწყეს მათი ძებნა, როდესაც არავინ იყო ქუჩაში. 18:00 საათზე უნა გამართულიყო ლგბტ მარში. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ დილით 10:00 საათზე მოხდებოდა რაღაც უბედურება, არ არსებობდა. ჟურნალისტებთან მოხდა ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი და მე დავგმე იმავე დღეს და ახლაც მინდა გავიმეორო – არ შეიძლება ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ ასეთი ძალადობის ჩადენა. ჩვენ ყველა მოძალადე მეორე დღეს დავსაჯეთ – 30 კაცია დაჭერილი და დასჯილი.

მე განცხადება გავაკეთე 11:00 საათზე. იგივე განცხადებას გავაკეთებ დღესაც და ყოველთვის. მე ასე მჯერა, რომ ეს შეიცავს საფრთხეს. 10:30 საათზე უკვე დაიწყო შეტაკება. აქ რა შუაშია ღარიბაშვილის წახალისება და ძალადობა, ეს ხომ მოგონილი ფაქტია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პირიქით, სიმშვიდისკენ მოვუწოდე და გავაფრთხილე ეს ადამიანები, რომ მზადდებოდა პროვოკაცია და არ გამოსულიყვნენ ქუჩაში. ეს იყო მიზანი იმისა, რომ შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ეს იყო სააკაშვილი პროვოკაცია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button