როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას” არა 27%, არამედ 5-6-7% უჭერს მხარს, დანარჩენი კი გაღიზიანებული ამომრჩეველია, რომელიც საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს.
„მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ვიცი, შესწავლილიც მაქვს, ამომრჩევლის 27%-ში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველია, რა კატეგორიაა. ვფიქრობ, რომ მაგედან 5-6-7% იქნებიან „მიშისტები”, სექტად რომ არის ჩამოყალიბებული, დანარჩენი არის გაღიზიანებული, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც სხვათა შორის საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს. მე შეგახსენებთ ძალიან მარტივ მაგალითს, საზოგადოებას შევახსენებ ფაქტებს. როცა კრიზისის პიკი იყო, როცა ითხოვდნენ ჩემს გადადგომას, ივლისის დროს და უამრავი აქცია რომ დააანონსეს, მაქსიმუმ 4000 კაცი შეკრიბეს. პარტია, რომელსაც 4000 კაცის გამოყვანის მეტი თავი არ აქვს, რაზეა საუბარი და მეორეც, კითხვას შევუბრუნებ ნებისმიერს, 27% თუ „ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და მე გითხარით, რომ ასე არ არის, იქ რეალურად სხვანაირად განწყობილი მოსახლეობაა და სამუშაოა მათთანაც, ისინი რეალურად შეცდომილები არიან, მე ასე მჯერა, ჩემი ღრმა რწმენით ასეა, 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა. მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ, ჩვენი მოსახლეობის 80%, ანუ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი და მე არ მესმის, ვინ იმუქრება საერთოდ?! არეულობით იმუქრებიან?! ვინც გაბედავს არეულობას ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მცდელობა ექნება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით, ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ სააკაშვილის დაკავებას ვითომ რაღაც არეულობა მოჰყვება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად. ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში. ეს არის ჩემი პასუხი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.