მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქვეყანაში ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა მედიაგარემოც
„ამის მიუხედავად, ხედავთ, როგორ იქცევიან, ღარიბაშვილი გაიქცა, არ გაჩერდა, არ გვპასუხობს. სასაცილოა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში არა მხოლოდ მედიის, არამედ ყველა მიმართულებით, სასამართლო, პროკურატურა. ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა. კაციშვილი ხმას ვერ გაიღებდა. ამ სულელი კაცის, უკაცრავად, ავადმყოფი, ფსიქიურად დაავადებული სააკაშვილის მმართველობის ქვეშ ვიქნებოდით მრავალი ათეული წელი. პირველი ოქტომბრის შემდეგ, ვაღიაროთ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემოც, ნებისმიერი კრიტიკა მოდის ჟურნალისტებისგან. თქვენ მკითხეთ, რატომ არ აჩერებთ ამ მასალის ტირაჟირებასო, როგორ შევაჩეროთ? ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. სააკაშვილის დროს შევარდებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს, სერვერებს დალეწავდნენ, დახურავდნენ და მეორე დღეს გადაიფორმებდნენ მათ რომელიმე ჯიბის ბიზნესმენზე. ეს არის განსხვავება. ჩვენს დროს 11 თუ 12 დღეში შესაძლებელია ახალი ტელევიზიის დაფუძნება. „მთავარი არხი” – ორ კვირაში შექმნეს ტელევიზია და მუშაობს ჩვეულებრივ. „ტვ პირველი” მათი ტელევიზიაა, „ფორმულა”, ყველა. ჩვენც ვართ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მათ შორის კრიტიკული, პარტიული ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მიმართ. თუმცა, მე ჟურნალისტებს არ ვაკრიტიკებ, ვიცი, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, სხვათა შორის ამ პარტიულ ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტები ძალიან ნიჭიერები არიან, გოგონებიც და ბიჭებიც, ყველანი, მაგრამ გასაგებია, რომ ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს. ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ ესა თუ ის ტელევიზია, მაგრამ ვუყურებთ ქმედებას. ქმედება არის შემდეგი – დღეს რეალობა შეცვლილია, მედია აბსოლუტურად თავისუფალია. გადახედეთ ბოლო რეიტინგებს, თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების, მედიათავისუფლების კუთხით მოწინავე ქვეყნებში ვართ არა მხოლოდ რეგიონში, აღარ მაქვს საუბარი რეგიონის ქვეყნებზე და ევრაზიის მასშტაბით, ვსაუბრობ ევროკავშირის და მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე, ბევრად ვუსწრებთ, მედიათავისუფლების მიმართულებითაც”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ კრიტიკული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ეს ნორმალურია.
„მეორეს მხრივ ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ხშირად ძალიან პროვოკაციულად იქცევიან. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ქარელში. ნახეთ, როგორი სიბინძურე ჩაიდინეს სააკაშვილის მეთაურობით. მივიდნენ, გამოაქვეყნეს რაღაც მოგონილი მეტსახელები და ეპითეტები ჩვენი კანდიდატების. იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან, ხალხს ეჭიდებიან, სახელი მოუგონეს, დააბრალეს, მივიდნენ და კითხულობენ, სად არის ეს ადამიანი, აღარ გავიმეორებ. ეს კაცი ეუბნება, მიბრძანდით აქედან, არ გაგცემთ პასუხს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა უნდა დამთავრდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ხომ შეიძლება, გავიზარდოთ, ხომ არ შეიძლება, ერთ წრეზე ვიტრიალოთ 30 წელი და მუდმივად ამ რაღაც ქაოსში ვიყოთ. წარმოიდგინეთ, რომ მათი მხრიდან არ იყოს ეს ქაოსი და ძალადობა, ჩვენგან იქნებოდა აბსოლუტურად არაფერი, ნული. ჩვენ არ ვძალადობთ, ჩვენ ვართ ჰუმანური ხელისუფლება. როგორ შეიძლება, მე ძალადობისკენ მოვუწოდო. ვის უნახავს ჩემი ძალადობა. ვინ მეძახდა მე მკვლელს, გამოდიოდა „ტვ პირველის” მფლობელი, რომელიც თავად არის მკვლელი, ყველამ იცის, რომ 3 კაცი ჰყავს მოკლული. მე რომ მეძახიან მკვლელს, ეს ნორმალურია? სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებზეა საუბარი”, – განაცხადა პრემიერმა.