„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან და დეპუტატობის კანდიდატ ნიკო კახეთელიძესთან ერთად, სანაპიროს ქუჩის
მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ის პროექტებიც განიხილა, რომელთა განხორციელებაც მომდევნო წლებში იგეგმება.
ზურაბ აბაშიძე: „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთაწმინდის რაიონი განსაკუთრებულია, თავისი მდიდარი ისტორიით, უძველესი შენობა- ნაგებობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აქ პრობლემებიც უფრო მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ძველი თბილისის განახლება მისი იერსახის შენარჩუნებით. ამ მიმართულებით უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებსაც გამარჯვების შემდეგ აუცილებლად
განვახორციელებთ.”
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, გარდა მსხვილი პროექტებისა, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ქუჩების კეთილმოწყობის მიმართულებითაც. მათ შორის, განხორციელდება სხვადასხვა მცირე საუბნო პროექტები: მოწესრიგდება შიდა ეზოები, აშენდება სტადიონები, მოეწყობა კიდევ უფრო მეტი სკვერი და მწვანე სივრცე.