იოსებ ხახალეიშვილი: ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ ქუთაისში სასწავლებლად

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

„თუ რაიმე გვინდა სწორად დაიგეგმოს ამ ქალაქში, ეს აუცილებლად თანაქალაქელებთან ერთად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი შეხვედრები საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შემდეგაც იქნება ინტენსიური”, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანიდატმა სახელისუფლებო გუნდის მთავარ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება:
„იმ გუნდის ღირებულება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ჰქვია, არის ადამიანი, ადამიანური ღირსება და ჩვენ სწორედ ამ ღირსეულ გზაზე ვივლით”, აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

პრიორიტეტებს შორის მერობის კანდიდატმა განათლებისა და ტურიზმის მიმართულებები გამოყო.

მისი თქმით, წელს, ქუთაისში სასწავლებლად მოდიან არა მარტო ქართველი ახალგაზრდები სხვა ქალაქებიდან, არამედ ბელორუსიიდან და უკრაინიდან.

„4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყება ახალი სასწავლო წლის სტუდენტური ცხოვრების ათვლა, რასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა ქუთაისზე. სტუდენტებისთვის ჩვენ ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ სასწავლებლად”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიზიტორების რაოდენობა თითქმის უტოლდება იმ რიცხვს, რაც პანდემიამდე იყო.

„ვამაყობ ტურისტების კეთილგანწყობით. ყურადღებით ვუსმენ მათ, ვითვალისწინებ შენიშვნებსა და რჩევებს, რადგან ჩემთვის მთავარი მიზანია ჩვენი ქალაქის სტუმარს, რომელიც ქუთაისის ერთგვარი წარმდგენია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენი ღირსეული მასპინძლობის შემდეგ, აუცილებლად გაუჩნდეს მეორედ ჩამოსვლის სურვილი. ჩვენ ვიღვწით, რომ ქუთაისი იმ ქალაქების ტოპშვიდეულში სტაბილურად დამკვიდრდეს, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

Back to top button