ნუგზარ წიკლაური: „გამარჯვების პლატფორმა“ დაარქვეს იმას, რომ გიორგი ვაშაძე მოიყვანეს, რომლის საარჩევნო შედეგი იმდენად დაბალი იყო, ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო არჩევნებში

„გამარჯვების პლატფორმა“ დაარქვეს იმას, რომ ბატონი გიორგი ვაშაძე მოიყვანეს. მისი ბოლო შედეგი არჩევნებში ერთ პროცენტზე ნაკლებია-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურმა „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას გიორგი ვაშაძის შესახებ განაცხადა, რომ პარტიაში 0.5%-იანი პოლიტიკოსის მოყვანა ვერ იქნება მაგალითის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„იმდენად დაბალი იყო მისი საარჩევნო შედეგი, რომ ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო მას იმ არჩევნებში. ეს 0.5%-იანი პოლიტიკოსი მოიყვანეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და 40%-ს ყველაზე უფრო ქმედითი პატრიოტების, რომლებიც პარტიაში იყვნენ, უარი უთხრეს. ეს როგორ შეიძლება იყოს გამარჯვების პლატფორმა და მაგალითი მისცეს სხვა ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ მოვიდნენ აქ. რანაირი მიზიდულობა შეიძლება გამოავლინოს პარტიამ ამის შემდეგ“,- აღნიშნა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ახალი მენეჯმენტის პირობებში, არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის რაც პარტიაში ხდება არის სრული კოლაფსი.

„ვფიქრობ, რომ სინამდვილეში რაც ხდება არის კოლაფსი, სრული უკუსვლა. პარტია აღარ გამოხატავს იმ ინტერესებს, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს აქვს და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. პირიქით, ჩემი აზრით, მათ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ადამიანების კონსოლიდაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ, მთელი 8 თვის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ აუქმებდნენ ისინი პარტიის ლეგიტიმურ ორგანოებს და როგორ დაუკეტეს კარები ყველას, ვინც სხვაგვარად მოაზროვნეა“,-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

Back to top button