სოზარ სუბარი: „ხალხის ძალამ“ არაერთხელ დავუსვით კითხვა კელი დეგნანს, ესწრებოდა თუ არა ფერადი რევოლუციების ამერიკელი სპეციალისტის, აკერმანის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრეინინგს – ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ

„სწორედ იმიტომ ჩაუდგა სათავეში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული კანონის „ფარას“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროტესტს საქართველოში, რათა ხალხს არ გაეგო მათი ფარული ზრახვები“, – ამის შესახებ საპარლამენტო სესიაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატი საპარლამენტო სესიაზე სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ USAID-ის დაფინანსებით ტარდებოდა ტრენინგები, რომლითაც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შემოტანა ისწავლებოდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვახდენ ამ ორგანიზაციის 18 სექტემბრის განცხადების ციტირებას: „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები გეგმავენ დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

ბუნებრივია, ასეთი სერიოზული განცხადებების შემდეგ საზოგადოება ელოდება ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც და შესაბამის რეაგირებისაც, ამიტომ, 19 სექტემბრის საპარლამენტო განცხადებაში მოვუწოდე სამართალდამცავებს, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და საჭირო სამართლებრივი რეაგირებაც მოახდინონ.

მართლაც, გუშინ, გამჟღავნდა რამდენიმე ფაქტი, რაც 18 სექტემბრის განცხადებას ადასტურებს, თუმცა, ცხადია, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ვერანაირი განცხადებები „წინააღმდეგობის არაძალადობრივ მეთოდებზე“ ვერ შენიღბავს იმ სურვილს, რაც სახელმწიფო გადატრიალების სურვილს და მცდელობებს უკავშირდება. ამის შესახებ ღიად ლაპარაკობენ ჩვენი კოლეგებიც ამ დარბაზში. ამგვარი ვითომ არაძალადობრივი გადატრიალების ბევრი მაგალითი გვაქვს უახლოეს ისტორიაში და, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, სერბეთის შემდეგ, სწორედ საქართველო იყო, სერბული გამოცდილებით აღჭურვილი და, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რომ სწორედ USAID-ის პროექტები იყო გამოყენებული ამ გამოცდილების გასაზიარებლად და ახალგაზრდების დასატრენინგებლად.

სხვათა შორის, USAID-ის ამ კონკრეტული პროექტის განმახორციელებელი ამერიკული ორგანიზაცია IREX იყო, რომლის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახლდათ აწ გარდაცვლილი პიტერ აკერმანი, ბაკურიანის რევოლუციური სცენარის ტრენერი. ე.წ. „ფერადი რევოლუციები“, პირველ ეტაპზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენაში ერთგვარ ეიფორიას იწვევდა, თითქოს ეს იყო დემოკრატიის გამარჯვება, მაგრამ ამ ეიფორიას ძალიან მალე მოსდევდა იმედგაცრუების და სახელმწიფოების ნგრევის ეტაპი. დემოკრატიისდა კეთილდღეობის ნაცვლად ყველგან მივიღეთ ავტოკრატიული რეჟიმების განმტკიცება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ასეულ-ათასობით ადამიანის სიკვდილი, ათეულ მილიონობით ლტოლვილი და განადგურებული ეკონომიკები. ყველა ეს არეულობა გარედან იყო ინსპირირებული და ხელშეწყობილი და დღესაც იგივე ხდება. საქართველოში უცხოურ აგენტურას, რომელიც რადიკალური პოლიტიკური პარტიებისა და “ბობოლა ენჯეოების” სახითაა წარმოდგენილი, არა აქვს დასაყრდენი ხალხში, ამიტომ თავიანთ ლეგიტიმაციას ქვეყნის გარეთ ეძებენ. არ იცვლება არც მათი მოქმედების მეთოდები და არც მხარდამჭერები და დამფინანსებლები. KANVAS-საქართველოს მიერ ჩატარებული ტრენინგი, სადაც ახალგაზრდებს ხელისუფლების გადატრიალებაში ამეცადინებდნენ და USAID-ის მიერ იყო დაფინანსებული, ფორმალურად უწყინარ თემას შეეხებოდა – თითქოს ეს იყო „სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში“ და ამ სასწავლო კურსზე USAID-ის მიერ დაქირავებული ტრენერები მსმენელებს ლენინის რევოლუციურ გამოცდილებას უზიარებდნენ მცირედი შესწორებით – თუ ბოლშევიკების ბელადისთვის პროლეტარიატი იყო ის ძალა, ვისაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამათთან პროლეტარიატი სტუდენტობამ ჩაანაცვლა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რატომ გაგიჟდნენ ენჯეოების გამჭვირვალობის აქტზე ჩვენ პარტნიორები – როგორცჩანს, ბევრი რამ ჰქონდათ დასამალი. მაგალითად, საზოგადოებამ დღემდე არ იცის, ვინ აფინანსებდა აკერმანისრევოლუციურ ტრენინგებს ბაკურიანში,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ USAID-ის და აშშ საელჩოს მეთორები არ იცვლება და მათ ჯერ კიდევ 2020 წელს დააფარეს ხელი ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელ “სამართლიან არჩევნებს”.

“სამწუხაროდ, USAID-ის და აშშ საელჩოს მეთოდები არ იცვლება. მაგალითად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მათ მიერვე დაფინანსებულმა ე.წ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა ხმების პარალელური დათვლის შედეგი, მაგრამ ამაზე შეგნებულად დუმდნენ, რადგან ხელოვნურად შექმნილი კრიზისით ცდილობდნენ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციას და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას.

ხალხის ძალამ არაერთხელ დავუსვით კითხვა საქართველოში აშშ-ს აწ უკვე ყოფილ ელჩს, კელიდეგნანს, ესწრებოდა თუ არა ფერადი რევოლუციების ამერიკელი სპეციალისტის, აკერმანისმიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგს. ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა პასუხი ჩვენთვის ცნობილია, ისევე, როგორც ცნობილია იმ ოპოზიციონერებისა და რადიკალ-ენჯეოშნიკებისთვის, ვინც აკერმანთანერთად გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. იგივე კითხვა უნდა დავუსვა საქართველოში USAID-ისწარმომადგენლობას – ესწრებოდა თუ არა მათი წარმომადგენელი ე.წ. „კულტურისა და ხელოვნების სასწავლო ტრენინგს“, სადაც ლენინის იდეებით ასწავლიდნენ ახალგაზრდებს სახელმწიფო გადატრიალებას.

და ბოლოს – არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას. აშშ საელჩოს აღიარებითი ჩვენება – რატომ ასე ღიად და ცინიკურად? – ძალა გვაქვს და პირდაპირ მოვდივართო, სულ ფეხებზე გვკიდია, თქვენ რას ფიქრობთ და რა იცითო. ძალიან ჰგავს იმას, როცა რუსული თვითმფრინავები, 90-იან წლებში, პერიოდულად შემოფრინდებოდნენ საქართველოში და ბომბავდნენ პანკისის ხეობას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების შეშფოთებული განცხადებების სანაცვლოდ კი ცინიკურად აცხადებდნენ, ქართველებმა საკუთარი თვითმფრინავები გადაღებეს და თვითონ დაბომბეს საკუთარი ტერიტორიებიო. ლოგიკა ოკუპანტებს მარტივი ჰქონდათ – „ძალა აღმართს ხნავსო“ და თქვენ რამდენიც გინდათ, იმდენჯერ აღშფოთდით და შეშფოთდითო.

ზუსტად ამ სტილში იყო გაკეთებული საელჩოს გუშინდელი განცხადება… არადა, სწორედ სტუდენტობას აქვს ყველაზე მეტი დასაკარგი – სასწორზე დევს სამშობლოს ბედი და მათი პირადი მომავალი. სინამდვილეში კი ეს არის სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის და ხელისუფლების რევოლუციური გზით გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა. ამერიკის საელჩოს განცხადება იყო ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება. თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქციროსსაქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეებსაც გვაქვს უფლება კითხვით მივმართოთ მათ, რატომ გვიწყობენ რევოლუციას ჩვენს ქვეყანაში? ამერიკელი მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული რატომ ხმარდება სხვა ქვეყანაში არეულობას და შიდა დაპირისპირებას? რატომ აძლევს უფლებას საკუთარ თავს მსხვილი უცხოური ორგანიზაცია დააფინანსოს მსგავსი რევოლუციური ტრენინგები?

როგორც წესი, USAD-ის ერთი წარმომადგენელი მაინც ყოველთვის ესწრება მათ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესს და აწარმოებს მონიტორინგს. სადაც მაყურებელს გარკვევით ესმის სიტყვები: – „წინააღმდეგობა, რევოლუცია, ამბოხი, სტუდენტობა, პროტესტი“ და ა.შ. იქ მჯდომმა როგორ ვერ გაიგო ეს? როგორც ჩანს, USAD-ის სხვა პროექტებიც დეტალურად არის შესასწავლი.

სწორედ ამიტომ ჩაუდგა სათავეში ამერიკის ელჩი კელიდეგნანიჩვენს მიერ ინიცირებულიამერიკული კანონის „ფარას“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროტესტს საქართველოში, რათა ხალხს არ გაეგო მათი ფარული ზრახვები. ამ ტრენინგის ოფიციალური დასახელება იყო„სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში”.ამ დასახელებით ბევრი ტრენინგი ტარდება და თითქოსდა უწყინარია. FARA-ს კანონი კი ყველაფერს დეტალურად გამოავლენდა, თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში. ყოველდღიურად ქართველი ხალხი რწმუნდება იმაში, თუ რამდენად მართლები ვიყავით და რამდენად მნიშვნელოვანი იყო „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულიკანონი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურდა ქართველ ხალხს სცოდნოდა სიმართლე და ამ სიმართლის დასამალად ამერიკის ელჩმა მოტყუებით და შანტაჟით ქართული საზოგადოება ფეხზე დააყენა…. სტრატეგიული პარტნიორობა თუ შენს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობასაც გულისხმობდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით….” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Back to top button