დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონ FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი”, რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატიურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე, მის ოჯახზე და ა.შ.

რას ისახავდა მიზნად USAID-ის მიერ საქართველოს რეგიონებში ჩატარებული სემინარები და რა გავლენას ახდენდა ის საზოგადოებაზე – ამ თემაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. კერძოდ:

„USAID-ი რეგიონებში ტყუილად არ აფინანსებდა „მედია-სკოლებს” თემაზე: „რუსული სახელისუფლებო დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები”. მარტივ მაგალითებზე ასწავლიდნენ. აი, ვთქვათ რუსეთის საინფორმაციო მანქანა იძახის, რომ უკრაინა ომში მარცხდება, ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია! იძახიან, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ტყუილი! ავრცელებენ მონაცემებს, რომ ომის პერიოდში დასავლეთის საქონელბრუნვამ რუსეთთან იმატა, დეზინფორმაცია!!!

ანუ, ასე მარტივად მივუახლოვდით ახალ სტიგმას: „რუსული სიცრუე” ან „რუსული ფეიკი” ან „რუსული დეზინფორმაცია”.

ამიტომ, როდესაც მეორე დღეა მიდის მსჯელობა, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც დეზინფორმაციებთან „მებრძოლი” USAID-ი სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, ქართული სუბტიტრებით ინგლისურ ტექსტს ძალზე თავისებურად, „რუსულად” თარგმნის – ა! აგია იგი! რუსული სიცრუე. როდესაც USAID-ის მიერ დაქირავებული „ქოუჩი” ყვება, როგორ უნდა გამოიყენო ბულდოზერი პარლამენტის მეორე სართულზე მოსახვედრად, თურმე საუბარი მიდის ონკოლოგიის მძიმე ფორმის დაძლევის მეთოდებზე. როდესაც „ქოუჩი” აყალიბებს თავდასხმის ობიექტების ლოგიკურ ჯაჭვს: ხელისუფლება-ეკლესია-საზოგადოება, საუბარი მიდის საეკლესიო გალობაში მრავალხმიან პრაქტიკასთან ერთან ბიზანტიური სტილის შემოღებაზე და ა.შ. რუსული სიცრუე, რუსული „ფეიკი“ და რუსული დეზინფორმაცია, ყოველივე ეს ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონ FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი”, რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ჩვენ ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე, მის ოჯახზე, ქვეყნის პრეზიდენტზე, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებზე, დავით კეზერაშვილზე და ა.შ.

როდესაც ტოტალური, აბსოლუტური სიცრუე ხდება შენი და გარშემო სამყაროს ურთიერთობებში ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, რა მნიშვნელობაა აქვს, მე რას შეგეკითხები ან შენ რას მიპასუხებ? ეს ხომ ყველა ვარიანტში სიცრუე იქნება. ამ ცხოვრებისეულ პლატფორმაზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სქესს, ცისარტყელას ფერებს, გრძნობებს, განცდებს, სამართლიანობას? სიცრუის მამას უწოდებს ლუციფერს ჩვენი დედა-ეკლესია – ჩვენ კი, მის შვილებთან გვიწევს ყოველდღიური მეტად არასასიამოვნო „სტრატეგიული” ურთიერთობა“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button