„ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება. ამავდროულად მათი პატრონების სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა: ამ ხელისუფლების გადაყირავება უნდა მოასწრონ 2024 წლის ბოლომდე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი თქმით, რადიკალური ოპოზიციის უცხოური პატრონების სტრატეგია არ შეცვლილა და კვლავ ცდილობენ 2024 წლის ბოლომდე ქვეყანაში არეულობა მოხდეს, რომ ხელისუფლება რევოლუციური გზით შეცვალონ.
„ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება. ამავდროულად მათი პატრონების სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა: ამ ხელისუფლების გადაყირავება უნდა მოასწრონ 2024 წლის ბოლომდე.
ასე რომ, მხნედ და ფხიზლად ყოფნა გვმართებს როგორც მინიმუმ ამ პერიოდის განმავლობაში. მათი ტაქტიკური სვლების ნაირსახეობებში აშკარა დეფიციტი და მოძველებული მეთოდები, გვაძლევს საშუალებას პრევენციულად მომგებიანი წინმსწრები ნაბიჯები გადავდგათ.
ქვეყნის ჯანსაღი მოსახლეობის მხარეზეა ერთდროულად სამწუხარო და საბედნიერო გარემოება. საბედნიერო – აგენტოკრატების მიერ ბარიკადების წინა ხაზზე გასაშვები “სახარჯი მასალის” სიჩლუნგე, მათი ზომბირება, დაპროგრამირებული აზროვნების “ერთუჯრედიანობა”, ელემენტარული ანალიზის კეთების უუნარობა, მსჯელობის სრული ალოგიკურობა და მათი მოქმედებაში მომყვანი მოკლევადიანი “დამუხტვის ელემენტი”.
მაგრამ ყოველივე ჩამოთვლილი არის სამწუხარო და ეროვნულ ტრაგედიას წარმოადგენს. ქართველობის გენეტიკური ჯაჭვი დახარვეზდა, მას დაუჟანგდა (დაუჩირქდა) რამოდენიმე რგოლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დამპალმა რგოლებმა ძირითადად ინდივიდუალურ საოჯახო კოდებს შეუჩერეს მომავლისკენ მიმავალი ტრადიციული წინსვლა და ერის კოდი ოდნავ დაახარვეზეს, მაგრამ მწყობრიდან ვერ გამოიყვანეს, მაინც გეცოდება ეს დაპროგრამირებულ რობოტებად გადაქცეული პატარა არსებები.
არ მეცოდება მათი მშობლები. სწორედ ისინი წარმოადგენენ საკუთარი შვილების გენმოდიფიცირებაში ძირითად მამოძრავებელ ძალას. მეცოდებიან ამ პატარა ზომბების ბებია/ბაბუები. ჩემს მეზობლად მოწმე ვიყავი საშინელი სცენის – 16 წლის “ლაზარეს” ფანი საშინლად “აკაჩავებდა” თავის გამზრდელ ბებიას, რომელიც მარტის აქციების დროს პოლიციის მხარეზე იყო. ამ პატარა რობოტმა ბებია იმ დონემდე მიიყვანა, რომ აცრემლებული ცდილობდა გაშმაგებული შვილიშვილის წინაშე ბოდიშების მოხდით მის უშედეგო დაწყნარებას.
მოკლედ, ომი ომია და ჩვენ ის არ გაგვიჩაღებია. სახელმწიფო ქვეყნის დაცვის ბრძოლაში ასაკობრივ “შეღავათებს” ვერავის ვერ გაუწევს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს“,- წერს ქართველიშვილი.