პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

Back to top button