საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად გამოიყენა გაეროს უმაღლესი ტრიბუნა იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივების, სამომავლო გეგმების და აქტუალური გამოწვევების შესახებ ყოფილიყო გაცხადებული , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთ მინიტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოსვლის და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ საერთო ჯამში 26-მდე შეხვედრა გამართა.
„საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად გამოიყენა გაეროს უმაღლესი ტრიბუნა იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პერსპექტივების, სამომავლო გეგმების და აქტუალური გამოწვევების შესახებ ყოფილიყო გაცხადებული და ასვე გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს გამოწვევები და გააგრძელოს ის პროცესები, რაც დაკავშირებულია რეფორმებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, ასევე, ჩვენი გარე საფრთხეების მინიმიზაციასთან, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება. აღვნიშნავ, რომ საერთო ჯამში საქართველოს დელეგაციამ 26-მდე შეხვედრა გამართა, მხედველობაში მაქვს როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი ორმხრივი შეხვედრები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და მან აქცენტი გააკეთა პროგრესზე, რომელიც ქვყანას აქვს და ასევე სამომავლო პერსპექტივებზე.
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო უაღრესად ყოვლისმომცველი. პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც ქვყანას აქვს და ასევე სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად და დიდი წვლილი შეგვაქვს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის აღიარებული ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რაც არის დადასტურებული და პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნილი. ქვეყანა თანდათანობით იძენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ფუნქციას. სწორედ ამ როლის შესახებ იყო საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ისე პრემიერის გამოსვლაში, სადაც მან უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, ეს არის სამხრეთ კავკასიის სამეზობლო სამშვიდობო ინიციატივა – ეს არის ჩვენი შეთავაზება პირველ რიგში ჩვენი მეზობლებისთვის – სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რათა თბილისი გამოყენებული იქნას როგორც პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი – პრემიერ-მინისტრის მედიაციით განხორციელებული პროცესი აუცილებლად დაიწყება და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოში და შედეგ მან პრაქტიკული განხორციელება ჰპოვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით კონკრეტული ვიზიტებით, შედეგებით, პროექტებით, დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივაც ასევე ითარგმნება პრაქტიკულ განზომილებაში, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ინიციატივას აქვს მკაფიო, ძლიერი მხარდაჭერა აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან.
„სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი ინიციატივა გულისხმობს ასევე მედიაციის პროცესის გაძლიერებას, ასევე სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი კონკრეტული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რადგანაც სწორედ ეკონომიკური თანამშრომლობა, ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერება, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, ეს ის საკითხებია, რომლის განხილვასაც ვფიქრობთ ამ ფორმატში და უხლოეს პერიოდში იქნება შეხვედრები საექსპერტო დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზეც, იგივე ჩემი კოლეგების მასპინძლობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მოგვეცემა და ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამ ინიციატივას აქვს მკაფიო, ძლიერი მხარდაჭერა აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.