საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის წევრებმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან გამართეს შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიის ადგილობრივი დონეზე განვითარების ასევე ქვეყნის რეგიონების განვითარების კუთხით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი არჩევნების მოსახლეობის საჭიროებებზე კონცენტრირების აუცილებლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი არჩევნების გზით დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
“ევროსაბჭოს კონგრესი ევროსაბჭოს 47 ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვის მონიტორინგს ახორციელებს.
2014 წლის შემდეგ გატარებულმა დეცენტრალიზაციის ძირეულმა რეფორმამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში ქარტიის პრინციპების განხორციელებას. ევროსაბჭოს კონგრესიდან საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე 19 კაციანი სადამკვირვებლო მისია ესტუმრება”, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს.