კახა კალაძე: საქართველოს აქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სახალხო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არის პატარა ქვეყანა უდიდესი კულტურით, უძველესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით. ჩვენ გვაქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია. გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

Back to top button