რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს არანაირ კონტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, მეუფის ქადაგებიდან კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და არასწორად ინტერპრეტირებენ.
„ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ, როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! ან რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, არანაირ კონტექსტში. მით უმეტეს, რომ ჩამდენი არც ინანიებს და მეტიც, სწორ გზად მიაჩნია დესპოტური მართვა იმ ხალხის, რომელსაც, თურმე, თუკი ფეხქვეშ არ მოიქცევ, არაფერი ესმის. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარში, მკაფიოდ, უწმაწური სიტყვებით და ფორმით“, – წერს გიორგი ვოლსკი.
გუშინ, სამებაში, მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.