„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგში არსებული საკითხების მათთან ერთად განხილვა, განსაკუთრებით, იმ საკითხების, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას უკავშირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საბერძნეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
კახა კუჭავამ ათენში ვიზიტი დღეს დაასრულა. საბერძნეთის დედაქალაქში მან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ათზე მეტი ქვეყნის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
„ათენმა საინტერესო ორდღიან კონფერენციას უმასპინძლა, სადაც 48 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი მონაწილეობდა. კონფერენცია იყო მნიშვნელოვანი, რადგან ეს გამოვიყენეთ შესაძლებლობად, რომ ორმხრივი შეხვედრებიც გაგვემართა. საინტერესო იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრა. მნიშვნელოვანი იყო, მათთან ერთად განგვეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა მათი მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები, რომელსაც სხვა დროსაც ვისმენთ, თუმცა, კონკრეტიკაზე გადასვლით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, მათივე გვერდში დგომით, რომ შევძლოთ, უფრო მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, შევასრულოთ ვალდებულებები და არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპამაც იამაყოს ჩვენი თანამშრომლობით’,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.