
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვაზე, ქვეყნის გარედან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გარე ძალები ცდილობენ, საქართველოში თავიანთი აგენტები გადაარჩინონ.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები არის მცდელობა, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა, თუმცა, ზეწოლის მცდელობებმა არც წარსულში იმოქმედა და მომავალშიც ვერ იმოქმედებს. ამასთან, გორდულაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის აიმაღლებს ხმას ევრობიუროკრატების მიერ იმ ძირითადი პრინციპების გათელვისთვის, რომლისთვისაც ევროსაბჭო და ევროკავშირია შექმნილი.
“გარეთ არსებული სხვადასხვა არჩეული თუ არარჩეული ბიუროკრატიის უკან მდგომი ძალები – რეალურად ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამბავს აჟღერებენ – ცდილობენ, რომ თავიანთი აგენტები გადაარჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა აგენტებს არ ექნებათ სურვილი, რომ თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ. ეს არის კატასტროფა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს. სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლას როდესაც ვამბობთ, დიახ, მათ შორის ვგულისხმობთ იმას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ახლა ეს თანამდებობის პირი გვეუბნება, რომ ჩვენი კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული და განმტკიცებული უფლება არ უნდა გამოვიყენოთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე მოახდინონ ზეწოლა, როგორც მაგალითად რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე წლის წინ. ისინი პერმანენტულად, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ელჩი იქნება თუ სხვადასხვა თანამდებობის პირი უცხოეთიდან, ცდილობდნენ, რომ მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებთან თუ ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებები გაეკეთებინათ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ელჩები პირდაპირ პროცესებზე ისხდნენ. ასეთი ზეწოლის მცდელობები არც წარსულში არ გასულა და არც მომავალში გავა. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას იმ ფუნდამენტური პრინციპების ძირის გამოთხრისთვის, რისთვისაც არის შექმნილი ზოგადად ევროსაბჭო და ევროკავშირი, მაგრამ მისი ბიუროკრატია ახლა ფეხქვეშ თელავს თავის პრინციპებსაც კი,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.