
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათ შორის, გამოეხმაურა „ალდეს“ განცხადებას, რომელიც ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
შარმანაშვილის განცხადებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც კონსტიტუციურ დანაწესებს სუვერენული უფლებების გამოყენებით გამოიყენებს და ვერავინ ჩაერევა ამ საქმეში.
„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. აი რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე? თუ მათი კარნახით დავიწყებთ საქართველოს კონსტიტუციის გამოყენებას. აი ამასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.