მამუკა მდინარაძე ტვ პირველს: ნუ იკადრებთ იმას, რაც შეიძლება რომელიღაც პარტიის ძალიან ცუდ და ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში ხალხის აღსაშფოთებლად ჯდება

ნუ იკადრებთ იმას, რაც შეიძლება რომელიღაც პარტიის ძალიან ცუდ და ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში ხალხის აღსაშფოთებლად ჯდება – მიმართა ტვ პირველს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ტელევიზიამ არ უნდა იკადროს, სიტყვების იმგვარად დამახინჯება, რომელსაც, მერე პოლიტიკოსები გაიმეორებენ.

„ტვ „პირველს“ აუცილებლად უნდა ვუთხრა ერთი რამ – შეგიძლიათ მითხრათ, რომ მე პირადად ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ერთი ყველაზე პოპულარული მსჯავრდებულის, სისხლის სამართლის დამნაშავის შიმშილობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, სადმე სიტყვა სიკვდილი ან მსგავსი რამ ვახსენე? ან ასეთს ველოდები? არა ხომ? მსგავსი სიტყვა ან ფრაზა თუ მითქვამს როდესმე? ტელევიზიამ არ უნდა იკადროს სიტყვების იმგვარად დამახინჯება, რომელსაც, მოგონილ სიტყვებს მერე გაიმეორებენ პოლიტიკოსები და იტყვიან ისე, როგორც ჩემს ნათქვამს. ეს მორალურად ძალიან ცუდია. გასაგებია, რომ ის ადამიანი არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელიც, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაც არ უნდა იკადროს არავინ. რასაც იტყვის ადამიანი, ის უნდა გააშუქოთ და არა დაბრალებით ვიღაცის აღშფოთებას ეცადოთ. ძალიან გთხოვთ ნუ იკადრებთ იმას, რაც შეიძლება რომელიღაც პარტიის ძალიან ცუდ და ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში ხალხის აღსაშფოთებლად ჯდება, მაგრამ, რაც ბუნებაში არ არსებობს პირიქით, მეტსაც გეტყვით და განგიმარტავთ, რომ არა იმ საოცრებაზე, რაზეც თქვენი ტელევიზია საუბრობს და შემდეგ პოლიტიკოსები იტაცებენ, არამედ პირიქით, მის ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე ვსაუბრობდი და ამ შემთხვევაში ამ კაცის სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენაზე, იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა მოვუწოდებ, იქნებ გაასაჯაროვებინოს იუსტიციის სამინისტროს ის მონაცემები, რასაც მისი თანხმობა სჭირდება და მაშინ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში, ამაზეა საუბარი და კონტექსტის სხვაგან გადატანა მოგონილი ფრაზებით, არის უდიდესი მორალური ფსკერი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი დიდხანს იცოცხლებს და კარგადაც იქნება და ეს ასეც უნდა იყოს.

„დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება, სხვა შემთხვევაში, არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რამეშია საქმე. სხვა რამეზე კი არ ვლაპარაკობდი და ცუდ შედეგებზე, როგორც ეს ტვ პირველმა დამაბრალა, არამედ, ვსაუბრობდი მის ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე და მათ თქვეს პირიქით. ეს არის მთელი პარადოქსი. არ უნდა მოატყუო ხალხს, თითქოს მე ან ვინმე პირიქით ვლაპარაკობთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ლექსიკას, მამუკა მდინარაძის თქმით, მეორე მხრიდან მოდის ზიზღის, სიძულვილის ენა, ტყუილები, ყოველდღიური ამორალური ფეიკები.

„სიყვარულით ვილაპარაკოთ 2012 წლამდე იმ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე? სისხლის სამართლის დამნაშავეებზე და კრიმინალებზე ვილაპარაკოთ პატივისცემით? ადამიანები იმ პერიოდში კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებს და მამაკაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი გაქვთ და თქვენ მოგვიწოდებთ, რომ პატივისცემით ველაპარაკოთ ამ ყველაფრის ავტორებს? არ გამოვა ასე, ვილაპარაკებთ სიმართლეს და ძალიან გთხოვთ ნუ იკადრებთ და არათუ უტრირებას გაუკეთებთ, პირიქით ნუ შეატრიალებთ და ტყუილებს ნუ დაგვაბრალებთ. ეს არის მთავარი, თორემ პატივისცემით მიხეილ სააკაშვილზე ვერასდროს ვილაპარაკებთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button