საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ბრიუსელში იმყოფება.
ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა – დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათი სურვილია წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ვიზიტის როლს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რასაც სამი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას ანიჭებს.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში დღეს მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. მოლაპარაკებები შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.