დავით ცინდელიანის დედა: შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო

ჩააბარეს რომან შამათავას. დანგრეულ შენობაში შეიყვანა თუ მანქანაში დაიმარტოვა და ნახევრად სიცოცხლე იქ მოუსპო. ეს იქიდან ჩანს, რომ მანქანიდან რომ გადმოუყვანიათ და დასახვრეტად მიჰყავდათ ჩემი შვილი, ფეხზე ვერ დგებოდა, ჯანღონით სავსე ბიჭი, მიწაზე ჯდებოდა თურმე. ჩემი თვალით წავიკითხე ყველაფერი და სასამართლო პროცესებზე დაამტკიცეს ყველაფერი მოწმეებმა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ყველაფერი, – განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

თამარ არღვლიანის თქმით, როინ შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა დავით ცინდელიანი, გარდაცვლილს კი წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები გამოაბა და ზღვაში ჩაძირა.

„ნავი წინასწარ ნაშოვნი ჰქონიათ. მაშინდელი აჭარის კუდ-ის უფროსის, თეიმურაზ პატარიძისგან, სანაპიროზე ის ხვდებოდა იცოდნენ. ორ კუდ-ის თანამშრომელს აქეთ-იქიდან მოუკიდიათ ხელი, თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ. იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდ-ის თანამშრომელი ონისე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რომ დაუნახავს ქილერ, ნარკომან შამათავას უთქვამს, მოდი უზბეკ ფოთში წაგვყევიო. სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაჰყოლია უკან. ჩამსხდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი, ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. რომ შესულან ზღვაში, 2-3 კილომეტრზე შევიდნენ, ტალღების შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე, რა არისო და გვერდებისკენ უნიშნებია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ის, არც არ დამხვრიტოთო, არც არაფერს. შამათავას უბრძანებია, ააყენე და წინ დასვიო ნავის კიჩოზეო. ააყენა თუ არა, იმ წუთშივე ამოიღო თავისი იარაღი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა, ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

Back to top button