ალექსანდრე წულაძემ „სტუდფესტის“ პირველი ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ  „სტუდფესტი 2025“-ის პირველი  ეტაპის  გამარჯვებულები დააჯილდოვა და მეორე ეტაპში ჩართულ სტუდენტებს  წარმატება უსურვა.

დასკვნით ღონისძიებაზე მინისტრმა სტუდენტებთან ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გუნდური მუშაობისა აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ კუთხით, “სტუდფესტის” მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სტუდფესტის“ პირველი ეტაპის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის გამართულ სპორტულ ტურნირებსა  და საგანმანათლებლო/შემეცნებითი კონკურსებში  15 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათგან 350 გამარჯვებული გამოვლინდა.

სტუდენტური ფესტივალის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. ამჟამად მოხალისეობის კომპონენტი მიმდინარეობს და მასში   18 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ახორციელებენ მოხალისეობრივ ინიციატივებს. ფესტივალი სექტემბერში კულტურის კომპონენტით გაგრძელდება, რომელიც ექვს განსხვავებულ და მრავალფეროვან კონკურსს მოიცავს.

სპორტული მიმართულებების ფარგლებში ჩატარდა: ფუტსალი, პადელი, ჩოგბურთი, სასტენდო სროლა, 3×3-ზე კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, ფეინთბოლი, კარტინგი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, შაში, დარტსი, კლდეზე ცოცვა, ძიუდო, შვიდკაცა რაგბი, მინი ფეხბურთი, სამბოს ტურნირი, ბილიარდი, ბოულინგი, ფრენბურთი, ცურვა, ბადმინტონი, სპრინტი, კიბერსპორტი (ფიფა), ხელბურთი, ჯომარდობა.

საგანმანათლებლო/შემეცნებითი კონკურსები მოიცავდა ინტელექტუალურ შეჯიბრებას სტუდენტებს შორის, დებატებს და „სითი გეიმს“.

ფესტივალის შემაჯამებელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და  სტუდენტები.

ფესტივალი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება და მასში მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შეუძლიათ.

Back to top button