მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია

„ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო და რამდენიმე კერძო პროფესიული სასწავლებელი, სადაც მეზღვაურის პროფესიას ყოველწლიურად 2000-მდე სტუდენტი ეუფლება. ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და წინსვლა, კარიერული ზრდა და ქართული დროშის ქვეშ სიამაყით ცურვა უსურვა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და სხვა სტუმრებმა სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან.

„საქართველო განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტს გადის, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ინტერესად გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველო წარმოადგენს „შუა დერეფნის” მნიშვნელოვან რგოლს, ამ დერეფნის საკვანძო ელემენტი კი საზღვაო პორტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები არიან. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში 20,000-მდე მეზღვაურია დარეგისტრირებული. საქართველოს საკმარისი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენს ნავსადგურებს, ნაოსნობასა და საზღვაო საქმეს საკუთარი ძალისხმევით გავუძღვეთ, საკუთარ საჭიროებებს ჩვენვე მოვემსახუროთ და გამოცდილება საერთაშორისო ნაოსნობაშიც მივიღოთ”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ოთხ ნავსადგურს უახლოეს მომავალში მეხუთე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეემატება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის ტრანზიტულ-ლოგისტიკურ პოტენციალს გააძლიერებს.

„რაც მთავარია, თითოეულ მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურს უნდა ახსოვდეს, რომ მათი საქმე და დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში უნდა გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ჩვენი სამშვიდობო თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ამ მიმართულებით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად მეზღვაურის ფიცის დადების და ღვაწლმოსილი მეზღვაურების და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს და მათ საპატივსაცემოდ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

Back to top button