„საქართველო ღვინის ნამდვილი საგანძურია“ – ფოგი ვოკერი, ღვინის მაგისტრი ჩინეთიდან

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის  ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის „Dragon Phoenix Wine Consulting“ ორგანიზებით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა.

ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის საწარმოებს ქართლში, იმერეთსა და კახეთში  გაეცნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

თბილისში სტუმრებისთვის  სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„ქართულ ღვინოს ჩინეთში მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული და უნიკალური გემოების მრავალფეროვანი არჩევანი ახასიათებს. როდესაც მე და ჩემი ჩინელი ჯგუფი საქართველოში ვმოგზაურობდით, ერთ-ერთი ღვინო, რომელიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა, იყო ქინძმარაული, რადგან ეს არის არომატი, რომელიც, ჩვენი საერთო აზრით, ბევრ ჩინელ მომხმარებელს ძალიან მოეწონება. ვფიქრობ, ჩინეთში ქართული ღვინოს დიდი პერსპექტივა არსებობს, თუკი ხალხს ქართული ღვინის შესახებ გავაცნობთ, შევასწავლით მის ისტორიას და მრავალფეროვან გემოებს.  საქართველო ღვინის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ჩინელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ“ – აღნიშნა  კომპანიის  „Dragon Phoenix Wine Consulting“ წამყვანმა ღვინის მაგისტრმა, ფოგი ვოკერმა (Fogyee Walker).

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფოგის ვოკერს და „Dragon Phoenix Wine Consulting“-ის კიდევ ერთ ღვინის მაგისტრს, ედუარდ რაგს (Edward Ragg) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  შეხვდა. მხარეებმა ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.7 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

Back to top button